X თავი
ცამ გადიბანა პირიდამ
მური, ნაცხები ღრუბლისა, გადაეფინა სამყაროს ლოცვა-კურთხევა უფლისა. შუქი დაეცა ლაშქარსა მთების ბრწყინვალის შუბლისა. ლაშარის გორზე წავიდა ლაშქარი დროშის ჟღერითა. „შადეგით“, ჰყვირის ლუხუმი სამკლავიანის ხელითა: „ვერა ჰნახეთა, ბატონი წინ მიგვიძღვევა ცხენითა?!“
პირველი მხედარი
ვნახე, ცის ტატნად დავატყვე,
მთა გადალახა სწრაფადა; გარს ევლო შუქი ბრწყინვალე, ციდამ მოსული ძაფადა.
მეორე მხედარი
ლურჯს ცხენზე იჯდა, ლამაზი
სხივი თავს ედგა ღვთიური; რო ვნახე, გულში ჩამიდგა სიამოვნება ციური.
მესამე მხედარი
მე ტრედის-ფერად მეჩვენა,
სხივი მისდევდა მზიური; შორს გაანათა ელვასებრ ასი ბარული დღიური.
მეოთხე მხედარი
ჯერაცა ვხედავ, მივალის
ტურფა, სიტურფით ქსოილი; ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე გაზაფხულისა ყოილი.
ლაშქარი (ერთხმად)
იდიდოს შენი სახელი,
ჩვენო ბატონო, ძლიერო! ჩაგვიძეღ, მოგდევთ ჩვენაცა, საყმოს საშველად მშიერო! ადიდე ლაშარის ჯვარი, ცისა და ქვეყნის იერო! ნეტავ, რა მტერი იქნება, - ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო, ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა, ლურჯაის დანაბიჯებო! ლაშარის ჯვარის ცხენისა ნატერფალია ელვარე; აღტაცებულსა ლაშქარსა გული გაჰხდია მღელვარე.
XI
იჟიჟრიბანდა, ცისკარი
სულს ჰლევს, თანდათან ჰქრებოდა, - ნეტავი ყველა ლამაზსა ესრე სიკვდილი ჰხვდებოდა! დღეს მკვდარი, ხვალე დილითა ცოცხალი წამოდგებოდა; სრულის ჯანით და იერით თვალებს წინ დამიდგებოდა. ნეტავი ცეცხლი ციური, ვისაც კი გულში ჰნთებია, ჯერ არ გაუქრეს, თუ გაქრეს, ისივაც ამოჰგზნებია! მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა, მით რომე სიცოცხლე უდგას სალის ყინულის ტახტზედა. არ ებრალება მოყვასი, მის წინ რო აცვან ჯვარზედა. ისე მოკვდება, ვერ შედგეს ერთს წამს ტრფობისა მთაზედა. შორს არის, მეტად შორს არის დშორებული მაზედა. ჭაობში არის ჩაფლული, ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა. საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა. |
X თავი
პოემის
ამ ნაწილში ვაჟა აგვიწერს ბუნების სურათს, როგორც ყოველთვის, გაპიროვნების ხერხს
მიმართავს ავტორი. აღწერილია დილის რიჟრაჟი, მზის შუქი სინათლეს ჰფენს ლაშარის გორს და მასზე
შეყრილი ლაშქარიც აღიკაზმება და დროშის ფრიალითა და წინწილთა ჟღერით აღმართს შეუდგება.
მაგრამ მოულოდნელად ხევისბერი (ლუხუმი) შესძახებს: შესდექით!
წინ
გაიხედეთ, ლაშარის ჯვარი თავად მიგვიძღვის წინ!
(შეგახსენებთ,
რომ ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც „გიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენით“ წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს, როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს)
ლუხუმის
შეძახილს მხედართა აღფრთოვანებული შეძახილები მოჰყვება და ისინიც ერთმანეთის მიყოლებით
აღწერენ თავიანთ „ცის შუქით მოსილ“, მისტიურ წინამძღოლს, რომელიც ლურჯ
ცხენზეა ამხედრებული და მხედრებს საბრძოლო განწყობით ავსებს.
ბოლოს ლაშქარი ერთხმად ადიდებს ლაშარის ჯვარს და
მას „საყმოს საშველად მშიერს“ უწოდებს, ანუ
საკუთარი ყმების გადასარჩენად მოწადინებულ წინამძღოლს.
(აქვე
მინდა შეგახსენოთ, რომ
დიდგორის ცნობილი ომის დროს მუსლიმთა ჯარის წინააღმდეგ წმინდა გიორგი „გაცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა“ ქართველთა ლაშქარს და თვით ურჯულო მტერიც ხედავდა და შიშისაგან კრთოდა ამ სახილველით.
სპარსთა წინააღმდეგ ბახტრიონის დიდი აჯანყების დროს ქართველთა ჯარს წინ ასევე ხილულად მიუძღოდა ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი: „ ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამძღოლად მათდა“. დასავლეთ საქართველოს საბრძოლო მატიანიდან ცნობილია შემდეგი ფაქტი: ერთ–ერთ შეტაკებაში უკან დახეულ აფხაზებს გზად ჭაბუკი შეხვედრიათ, რომელსაც შეუგულიანებია ისინი საბრძოლველად. იქ, სადაც საომარ ველზე მიბრუნებული აფხაზები ხმლებითა და მშვილდ–ისრებით ომობდნენ, მას მათრახით უბრძოლია – შუაზე აპობდა თათრებს და მირეკავდა აფხაზეთის საზღვრებიდან. მაგრამ მან მხოლოდ ორი ხანჯალი დაიტოვა, დანარჩენი მათ გადაულოცა. მეორე დღეს, როდესაც მორწმუნენი შევიდნენ ილორის ტაძარში სალოცავად და გამარჯვების აღსანიშნავი პარაკლისის გადასახდელად, ის ორი ხანჯალი წმინდა გიორგის ხატის აქეთ–იქიდან დახვდათ ჩამოკიდებული. ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მფარველმა წმინდა გიორგიმ კიდევ ერთხელ გაუწია დახმარება მასზე მლოცველ ერს. 1795 წელს, აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის დროს, ერთ მთასთან დაბანაკებულ სპარსულ მხედრობას თავს ესხმოდა შავნაბდიანი მხედარი და მუსრს ავლებდა. ქართველებმა მასში წმინდა გიორგი შეიცნეს, მთას „შავნაბადა“ უწოდეს და იქ წმინდა გიორგის სახელზე ტაძარი ააგეს.)
დამეთანხმებით,
ალბათ, ასეთი სანახაობის შემდეგ ვერანაირი მტერი ვეღარ შეაშინებდა ბახტრიონის ციხის
ასაღებად მიმავალ ლაშქარს:
ნეტავ, რა მტერი იქნება, - ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო, ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა, ლურჯაის დანაბიჯებო!
XI
თავი
ამ თავში ვაჟა ერთაგვარ დიდაქტიკოსად
გვევლინება და წინ წამოსწევს მეტად ფილოსოფიურ საკითხს. საკითხს ადამიანის ამქვეყნიური
ყოფისას, თვასაჩინოებისთვის წარმოგვიდგენს ღირსეული და უღისრი კაცის ცხოვრებას, რომელსაც გრძნობიერების
ჭრილში განიხილავს.
ვაჟა
ხოტბას ასხამს კაცს, რომლის გულიც სიყვარულის ცეცხლითაა აღსავსე: „ნეტავი ცეცხლი
ციური, ვისაც კი გულში ჰნთებია“. ასეთი კაცი ბედნიერია და მისთვის საკუთარი და სხვისი
გასაჭირო ერთნაირად ახლობელია, მეტიც, საზოგადო საქმისთვის პირადის გაწირვაც შეუძლია.
(გავიხსენოთ ოთარაანთ ქვრივი და გიორგი, რომელთათვისაც პირადი და საზოგადო ერთნაირად
მნიშვნელოვანი იყო). ასეთ ადამიანს „ტრფობის მთაზე“ შედგომა და სამყაროს იმ სიმაღლიდან
დანახვა შეუძლია! ხოლო უგრძნობი კაცი კი, პირიქით, მკვდარზე „უსაზარლესია“, ტახტი
უდგას ყინულის ტახტზე და იმდენად უგრძნობია, რომ მის თვაწინ ადამიანი ჯვარსაც რომ
აცვან, არ შეწუხდება და ხელსაც არ გაანძრევს მის დასახმარებლად. ჭაობში არის ჩაფლული.
ვაჟას იმდენად სძაგს ასეთი ტიპის ადამიანი, რომ ამბობს: „ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა“ (ანუ ასეთ ადამიანს ვაჟა ხმაზეც კი ცნობს, ანუ საუბარზე) და ბოლოს დაასკვნის: „საზარელია შადგომა უგრძნობელობის გზაზედა“!
(აღვნიშნავ, რომ ჩვენს საუკუნეში განსაკუთრებით
მომძლავრდა ეს გულგრილობა და ჩაურევლობა ისეთ საკითხებში, რომლებიც ურიგოდ წარმართავს
ჩვენს ცხოვრებას, ან მოყვასის ბედს).
|
пятница, 27 марта 2020 г.
X და XI თავები
Подписаться на:
Сообщения (Atom)