დიდხანს ვეძებდი ოქროს მდინარეს. ბოლოს ერთ მთაზე მიმასწავლეს. იქ ბერის კელია დამხვდა, სხვა არაფერი.
რამდენიმე წუთში მოძღვრის გვერდით ვიჯექი და წყლის წისქვილივით ვფქვავდი:
- ამპარტავნება, ფარისევლობა, მრისხანება ..
- წვიმა, თოვლი, ქარი, ქარიშხალი ... ისე ჰყვები ამ ყველაფერს, თითქოს შენ სულ არ გეხებოდეს, რად მინდა ეს, შვილო?
-აღსარებას ასე ვაბარებ ხოლმე ...
- ხე ყოველთვის ერთსა და იმავე ნაყოფს მოისხამს, თუ მას ფესვიანად არ ამოიღებ.
- ჰოდა, დაისხამს იმას, რაც ახლა ჩამოვთვალე...
- რა გაწუხებს, შვილო, ის მითხარი.
- რა მაწუხებს?.. არ ვიცი...
- გულში ჩაიხედე აბა.
- მე გულს არ ვუსმენ ხოლმე, გონებით ვმოქმედებ.
- გულიც გონებაა.
- გონება?
- ჰო, დიდი გონება.
- აბა ეს რაღაა? - თავზე ვიდებ საჩვენებელ თითს.
- ეგ პატარა გონებაა.
- პატარა?
- ჰო, ძალიან პატარა.
- აკი, ცივი გონებით უნდა იაზროვნოო?
- ვინ გითხრა, ვინ? - თავზე ხელს მისვამს მოძღვარი და აგრძელებს, - არ ვუსმენთ გულს, რომელსაც მუდამ სურს, რაღაც გვითხრას, სწორედ გულშია ჩვენი ბედნიერების გასაღები, სწორედ იქ ცხოვრობს ჩვენი ნამდვილი „მე“, რომელსაც უნდა ჰკითხო, რა სტკივა, რა ახარებს, რაზე ოცნებობს, საით მიისწრაფვის. გულია ადამიანის და ღმერთის შეხვედრის ადგილი.
- რა ლამაზად საუბრობთ, მოძღვარო, თქვენ პოეტი ხართ!
- პოეტი შენ თვითონ ხარ და მე მაბრალებ ახლა! - ეღიმება თეთრ თმაში მოლივლივე სახეს,- აი, არქიტექტორს არქიტექტორი ვგონივარ, მხატვარს - მხატვარი, ფიზიკოსი იყო იმ დღეს ამოსული და მიმტკიცებდა, თქვენ ფიზიკოსი იქნებითო, ჰოდა, რომელი პროფესია ავირჩიო ახლა აღარ ვიცი!
- უსიყვარულობა მტკივა მოძღვარო, - უცებ დავიწყე მე, – „არ მიყვარს“ მტკივა და „მიყვარს“ - მეოცნებება.
- ვინ გინდა, რომ გიყვარდეს?
- ღმერთი!
- და არ გიყვარს?
- რომ მიყვარდეს, არ ვატკენდი გულს, ჩემი სიყვარული არაა სრულყოფილი, ძალიან პატარაა.
- იცი, რა არის მთავარი?
- არა, არ ვიცი!
- რომ გინდა გიყვარდეს!
- რომ მინდა?
- ჰო, ეგ ერთი „მინდაა“ ყველაფერი! ის ქამანდივითაა კლდის ქიმზე რომ მოისვრი და მერე ნელ-ნელა ქვებს ებჯინები და ადიხარ მაღლა.
- რა კარგად თქვი!
- შენ ის მითხარი, ღმერთის სიყვარულის მაძიებელო, გზად ვინც და რაც შეგხვდება, ის თუ გინდა გიყვარდეს?
- მთაზე ასვლისას?
- ჰო.
- ვინც და რაც ხელს შემიშლის - არა! ვინც და რაც დამეხმარება - კი!
- და, როგორ ფიქრობ, ვინც და რაც ხელს შეგიშლის, ის შემთხვევითი იქნება?
- არ ვიცი... ალბათ.
- რამდენი რამ მომხდარა შენს ცხოვრებაში შემთხვევით?
- ძალიან ბევრი!
- მაგალითად?
- მისაღებ გამოცდაზე - ბილეთი შემხვდა შემთხვევით, კიდევ... საყვარელი ადამიანი გავიცანი შემთხვევით...
- ახლაც ასე ფიქრობ, როდესაც განვლილ ცხოვრებას გადახედავ? შემთხვევით იყო ეს ყველაფერი? მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ხომ არ ხდავ ამ შემთხვევითობებში?
- კი, ვხედავ... მიფიქრია ამაზეც, მაგრამ შორს აღარ გავყოლივარ ფიქრს...
- ახლა? ახლა რას ფიქრობ?
- ჰო, მგონი ასე უნდა იყოს.
- მგონი?
- კი, ასეა! - ვამბობ და ჩემს ირგვლივ მთელი ცხოვრებისეული „შემთხვევითობები“ ერთ მოწესრიგებულ ჯაჭვად ლაგდებიან.
- მაშასადამე, შემთხვევითობა წესრიგის ის ნაწილია, რომლესაც შენვე უდებ დასაბამს, შენვე განაპირობებ!
- წინა ქმედება განაპირობებს შემდეგს, შემდეგი - შემდეგს... ჰო, მართლა ასეა! აღმაშფოთებელია, რომ ამას აქამდე ვერ მივხვდი!
- შვილო, შვილო, არავის უნდა ეს! არავინ უსმენს გულს, არ აკვირდება, თორემ ის ყოველთვის გაძლევს პასუხს, ყოვლთვის გასწავლის რამეს.
- და რაც ხელს შემიშლის და ვინც ხელს შემიშლის, - ის როგორ უნდა შევიყვარო?
- გაიხსენე, რას გვასწავლის ქრისტე: გიყვარდეს მტერი შენი, ნუ დაემსაგვსებით წარმართებს, რომელთაც მხოლოდ კეთილისმყოფელნი უყვართ, არამედ გიდებთ ახალ მცნებად, რომ გიყვარდეთ თქვენი მტერი, თქვენი მაწყევარნიო!
- გასაგიჟებელი სიტყვებია!
- უნდა გაგიჟდე მერე! ამქვეყნიური სიბრძნისთვის გიჟი უნდა იყო, რომ დიად, უმაღლეს სიბრძნეს ეზიარო!
- როგორ შევიყვარო მტერი?
- შენ როგორ ფიქრობ?
- ალბათ, უნდა ვიფიქრო, რომ მასშიც ღვთის ხატებაა... არ ვიცი, რთულია!
- რთული ჩვენი დამოკიდებულებაა, სინამდვილეში ყველაფერი იმდენად მარტივია, რომ ბავშვიც გაიგებს!
- მარტივი როგორაა?
- კი, შვილო, ასეა! ღმერთია მარტივი და როგორ შეიძლება რამე იყოს რთული, როცა ღმერთზე დიდი არავინაა... არაფერია!
- ღმერთი როგორღაა მარტივი?!
აი, ხედავ ამ სკას? - სარკმლიდან გამახედა.
- კი.
- ფუტკრებს ვინ ასწავლა წესრიგი?
- ღმერთმა დაუდგინა ასე!
- ჩიტებს? სივრცეში როგორ იგნებენ გზას თბილი ქვეყნებისკენ? ხეს და ბალახს ვინ ასწავლა გაზაფხულზე გამოღვიძება? ჩვილს ვინ ასწავლა, რომ საჭირო დროს დაიბადოს და დედის წიაღი დატოვოს?
- ეს ხომ ღვთისგანაა დადგენილი ასე!
- ჰოდა, თუ მწერს, ფრინველს, ხესა და ბალახს, თვით უგონო არსებებს შეუძლიათ გაიგონ ღმერთის, შეეუერთდნენ და შეერწყან ამ საღვთო და დიად წესრიგს, მაშ, ჩვენ რაღა დაგვემართა? ... თუ ჩვილს, სიცოცხლემოწყირებულს, აქვს სწრაფვა შეუერთდეს ამ საღვთო ჰაერმონიას - ქვეყანას, ადამიანთა ბედნიერებისთვის გაჩენილს, ჩვენ სადღა ვეძებთ ჰარმონიასა და ბედნიერებას?! ხედავ, რა მარტვივია ეს ყველაფერი?!
- ჩვენ რატომღა გვიჭირს ღმერთის გაგება?
- იმიტომ, რომ ეს გვიშლის ხელს (საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიდო ბერმა).
- გინდა, თქვათ, რომ ცოდნა ხელს გვიშლის?
- დიახ, ბატონო! პატარა გონებაში ვერასოდეს მოთავსდება ის, რაც დიდი გონებისთვისაა განკუთვნილი.
- გული, ისევ გული...
- ყოველი ადამიანი მოსიარულე გულია: ზოგი - დიდი, ზოგი - პატარა, ზოგი - ყრუ, ზოგიც - სმენამახვილი, მაგრამ მაინც - გული.
- და რატომ უნდა მიყვარდეს მტერი? გთხოვ, ამიხსენი!
- სულიერი კანონების შესახებ გსმენია რამე?
- არა!
- სამყაროში მოქმედებს როგორც ფზიკური, მატერიალური, ისე სულიერი კანონები. სწორედ ამ კანონზომიერების მიხედვით დგინდება სამყაროს წესრიგი.
- წესრიგი? სად არის წესრიგი? ირგვლივ ქაოსია!
- არა, ვერ დაგეთანხმები! სრული წესრიგია!
- გინდა თქვა, რომ (მე უკვე შენობით მივმართე, ისე გამიტაცა საუბარმა) უსამართლობა არ არის?
- არა, რა თქმა უნდა!
- ნუ გადამრიე, მოძღვარო, რას ამბობ?
- სრულ ჭეშმარიტებას მოგახსენებ! აი, მაგალითად, შენ ხომ თავად მიყვებოდი საკუთარ თავზე, თუ როგორი საძაგელი ხარ...
- კი, ამპარტავანი, ფარისეველი ...
- მაშასადამე, თუ ასეთი ხარ, ვინ და რამ გიმკურნალოს? სწორედ იმ მტერმა და წინააღმდეგობებმა, რომლებიც თავისდაუნებურად, მაგრამ ღვთის დაშვებით, შენს ცხოვრებაში მოდიან და უფაქიზეს, სულიერ ოპერქციას გიტარებენ და შენ კიდევ მადლიერი არა ხარ?!
- როგორ?
- ხომ თქვი, ამპარტავანი ვარო, ჰოდა, თავმდაბლობა რომ შეიძინო, გაგლანძღავს ვიღაც და სწორედ ისეთს წარმოგაჩენს, გამოგააშკარავებს, როგორიც სინამდვილეში ხარ! მართალია, მისთვის შეიძლება არაფერი დაგიშავებია, მაგრამ ხომ იცი შენ, შენს თავთან მიმართებაში, ღმერთთან მიმართებაში რა საძაგელიც ხარ, ურცხვი, მოღალატე!..
- კი, კი, ვარ!
- ჰოდა, ხედავ, რატომ უნდა გიყვარდეს მტერი?
- ახლა გავგიჟდები!
- ჰო, შვილო, უნდა გაგიჟდე და აღიარო ეს!
- დავიღალე, მამაო...
- ჩაის მოგიმზადებ. მიატან რამეს?
- კი, ნამცხვარი თუ გაქვს, ან „პეჩენია“.
ეღიმება.
- მე ისეთი ღორმუცელა ვარ, ნამცხვრებს და „პეჩენიებს“ რა გამომიმილევს?
არაფერს ვეუბნები, მაგრამ მიკვირს ეს სიტყვები, ვიცი, რომ წყლით, თაფლითა და რაღაც ბალახებით იკვებება მხოლოდ და ტკბიულეული სტუმრებისთვის აქვს გადანახული. ლამბაქით მოწოდებული ჩაი გამოვართვი.
- რა მიქენი ეს, მამაო? სულ სხვა მხარეს შემომაბრუნე!
- ჰო, შვილო, ასე უნდა მომხდარიყო! სულ უკუღმა ვართ მომართულნი და წაღმა შემობრუნება არ გვინდა, ამიტომ ვთქვი, უნდა გაგიჟდე-თქო! გიჟს დაგიძახებენ, ასე რომ მოემართები, მაგრამ ესაა სინამდვილე!
- ანუ წესრიგია სამყაროში?!
- სრული, სრული წონასწრობა!
- ბედისწერზე რაღას იტყვი?
- ბედისწერას მშობლები უქმნიან შვილებს!
- რა?
- ასეა!
- „ბაბუის დარგულმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთაო“ - ეს გამახსენდა.
- სათამაშოები კი მოგიგროვებია ბლომად, მაგრამ რად გინდა? ნაძვისხე არა გაქვს!
- რა სათამაშოები? რა ნაძვისხე?
- მე დღეს შენ დაგიდგი ნაძვისხე და ახლა შენი საქმეა ისაა, მთელი ეს მოგროვილი ცოდნა ზედ ნელ-ნელა და მოწესრიგებულად განალაგო! ხერხემალი თუ არ გასწორდა, მთელი სხეული მრუდე იქნება.
- გული გამეხსნა.
- ჩაი დალიე, გაცივდება.
- აღარ შემიძლია.
- გემრიელი ნამცხვარია.
- „პეჩენიაა“ ეს, მამაო,
- ჰო, „პიჩენია“ თუ ორცხობილა, ჰა, რას იტყვი, ფილოლოგო?
- საიდან იცით, მამაო?
- ხომ, გითხარი, ღორმუცელა ვარ-თქო!
- არა, ფილოლოგი რომ ვარ ის, საიდან იცით?
- შემთხვევით...
გულიანად გვეცინება ორივეს.
- წადი ახლა და სხვასაც ასწავლე, რაც დღეს გაიგონე.
- გული ძალიან გამიცხელდა, ისე, თითქოს იწვოდეს, სილამაზით და სიყვარულით იწვოდეს!
- კარგია, შვილო, კარგია, ასე გააგრძელე!
- თქვენ მე ღმერთს ჩამახუტეთ!
- მე არა, მან თვითონ ჩაგიხუტა და ეს შენს გულში მოხდა... მე ერთი გამოპრუტუნებული ბერი ვარ, - ეცინება საკუთარ თავზე, მეც მეცინება სიხარულდაუტევნელად.
- წადი ახლა, გელოდება ის ბიჭი და ნუ გადააფიქრებინებ შენს ცოლად მოყვანას!
- რას?.. ესეც შემთხვევით მოხდება?
- თითქმის! - ამბობს და ისევ ეღიმება. მერე ჩემს თავს ორივე ხელისგულში მჭიდროდ იქცევს და გულის ფიცარზე დაიკონებს. მისი გული ისეთ სივარვარეს გამოსცემს, გაძლება მიჭირს და სუნთქვაშეკრული ვყუჩდები, როდესაც თავს უკან ვწევ, ვხედავ, რომ ოთახი ისეთი სინათლითაა სავსე, რომ საგნების გარჩევა მიჭირს, ყველაფერი ოქროსფერია, მზე რომ დააჭერს ხოლმე შუადღისას, ისე.
- ქრისტე მოგეფეროს შენ, უსაყვარლესო! ღმერთია ჩვენი ბედნიერება! გახსოვდეს ეს!
- მემახსოვრება... - ვამბობ და ნელა ვბრუნდები კარისაკენ და თითქოს ჩვეულებრივ სივრცეს კი არა, რაღაც უჩვეულო სივრცეს მივაპობ სხეულით.
- შენ არ დამლოცავ, შვილო? - მესმის ზურგს უკან და მოლივლივე სივრცეში ვბრუნდები, ხელს გულზე ვიდებ და გაოცებული ვამბობ:
- მე? მე დაგლოცოთ, მამაო?
- ჰო, შვილო, დამლოცე და ისე წადი!
რაღაც ძლიერ თავდაჯერებულობას ვგრძნობ უეცრად მოსულს, თითქოს ლერწი ვარ და ვიღაცამ ჭიგო ჩაარჭო ჩემში და ზედ რაღაც ცეცხლოვანი ძაფებით შემომაჭირა, ძლიერად, ძალიან ძლიერად და ვამბობ:
- ქრისტე ღმერთი განუშორებლად იყოს შენთან, მამაო!
- ამინ! - ხელებაღმართული მჭექარედ ამბობს ბერი და მე მოვდვარ. ვტოვებ კელიას, ვეშვები მთიდან დაბლა ფერდობზე და ვგრძნობ, როგორ მომყვება თან ოქროს მდინარე, რომელიც აცოცხლებს და კვებავს გზაზე ყოველივეს.
ასე ვპოვე ოქროს მიდარე, რომელიც თუკი ერთხელ, ერთხელ მაინც შენი გულიდან ამოხეთქავს, აღარასოდეს დაშრება, იდენს და იდენს მარადიულად. ამინ!