суббота, 7 мая 2022 г.

ინტერვიუ ნესტან-დარეჯანთან ქაჯეთის ციხის აღების შემდეგ


 

                                              

- პირველ რიგში, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე ასეთი მძიმე დღეების შემდეგ.

- მიუხედავად რთული დღეებისა და იმ სასტიკი ომისა, რომელიც ქაჯეთის ციხის მცველებსა და ტარიელსა და მისი მეგობრებს შორის გაიმართა, მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.  ცხრაწლიანი განშორების შემდეგ ჩვენ ისევ ერთად ვართ, ჩვენმა სიყვარულმა იზეიმა.

- როგორი იყო თქვენი ტყვეობის პერიოდი? მოულოდნელი იყო თქვენთვის ტყვეობიდან გათავისუფლება?

- ქაჯეთის ციხეში თავს ცუდად ვგრძნობდი. მითუმეტეს, რომ დედოფალი დულარდუხტი უფლისწულ როსანზე დაქორწინებას მიპირებდა. მათი საზოგადოება ჩვენგან ძალიან განსხვავებულია არა გარეგნულად, არამედ იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ გააჩნიათ. ვგულისხმობ იმ ცოდნას, რომელიც მხოლოდ გრძნეულოთათვისაა დამახასიათებელი.  მიუხედავად იმისა, რომ ტარიელისადმი მიწერილ წერილში დაბეჯითებით ვთხოვდი ინდოეთში დაბრუნებასა და ჩვენ მიერ მიტოვებულ სახელმწიფოზე ზრუნვას, გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობდი, რომ ჩემს გამოხსნას ეცდებოდა.

- როდის მიხვდით, რომ ტარიელი მოვიდა თქვენს გადასარჩენად?

- როცა ხმაური გავიგონე სარკმელიდან გადავიხედე, ის მაშინვე ვიცანი, ისეთი მშვენიერი იყო...

- ამდენი წლის შემდეგ, როგორ იცანით?

- დიახ, მთელი ცხრა წელი გავიდა... ამასობაში კიდევ უფრო დავაჟკაცდა, თვალი ვერ მოვწყვიტე...

- როგორ ფიქრობთ, ამდენი ტანჯვა რატომ გადაიტანეთ თქვენ და ტარიელმა?

- მე ვფიქრობ, ჩვენს მხრებზე უცოდველი ადამიანის სისხლია. უდანაშაულო სასიძო არ უნდა მოგვეკლა, მაგრამ ჩვენც გამოუცდელები და  ახალგაზრდები ვიყავით.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ სადღაც უფროსებმაც დაუშვეს შეცდომა?

- რა თქმა უნდა, მამაჩემს უნდა ეფიქრა ჩვენს პირად გრძნობებზე, მითუმეტეს, რომ სასიძოს მოკვლის შემდეგ გაცხადდა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ მშვენივრად სცოდნია. განრისხებულმა დიდებულების თანდასწრებით აღიარა, კარგად ვიცი ტარიელის და ნესტანის სიყვარულის ამბავიო. თუ ჩვენი სიყვარულის შესახებ იცოდა, რატომ უგულვებელყო ჩვენი პირადი გრძნობები და დამოუკიდებლად მიიღო ჩემი გათხოვების საბედისწერო გადაწყვეტილება. ეჰ, სწორედ ამას  მოჰყვა  ხვარაზმშას უფლისწულის მკვლელობაც.

- ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ მან ყველაფერი იცოდა?

- დიახ, რა თქმა უნდა!

- ფატმანზე რას გვეტყოდით, მასზე ნაწყენი ხომ არ ხართ, სწორედ მისმა მეუღლემ გადაგცათ ზღვათა მეფის საჩუქრად...

- ეს ფატმანის ბრალი არ გახლდათ, ეს მისი ქმრის თავშეუკავლობის მიზეზით მოხდა.  მან ფატმანისადმი მიცემული ფიცი გატეხა.

- თქვენი აზრით, როგორ დაგხვდებიან ინდოეთში ამდენი წლის შემდეგ?

- ვფიქრობ, რომ ჩვენი ინდოეთში დაბრუნება ნამდვილი დღესასწაული იქნება.

- ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო. დიდი მადლობა ინტევიუსთვის! ნახვამდის!

- ნახვამდის, სიყვარულში გამართლებას გისურვებთ!

                                                                             - გმადლობთ!

 

                                                                                                                        ნუცა მულაძე

                                                                                                                            15 წლის