понедельник, 6 марта 2023 г.

„თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ ( მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვიოთ)

 

   ადამიანი ეგოცენტრული არსებაა. ის მიიჩნევს, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ფაქტებსა და მოვლენებსაც საკუთარი გადასახედიდან აფასებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, დომინანტურს ხდის პიროვნების სუბიექტურ აზრს და  აკარგვინებს მას რეალობის ობიექტურ აღქმას კონკრეტულ დროსა და სივრცეში.  სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა არ ცდილობს, საკუთარ თავში ეძებოს ამა თუ იმ პრობლემის მიზეზი, ეს კი ხელს უშლის მის მენტალურ ზრდას, განვითარებასა და ადგილის დამკვიდრებას მის თანამედროვე საზოგადოებაში. ადამიანი ოდითგანვე მიზანსწრაფული იყო წარმატებისა და ძალაუფლების მოპოვებისაკენ, რაშიც მას შესაბამისი ცოდნის დაგროვება ეხმარებოდა. თუმცა ისტორიასა და მხატვრულ ლიტერატურაში არაერთი ადამიანი გვხვდება, რომელმაც მიღებული ცოდნის პრაქტიკული განხორციელება ვერ შესძლო.

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით თეიმურაზ ერისთავი ოდესღაც დიდ მემამულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც, ავტორის თქმით: „საზოგადო საქმეებშიც უფრო ღრმად შესტოპა, მისი მამულიც, უპატრონობის გამო და ჯაყოს წყალობით, თანდათან დაილია“. თეიმურაზი უთავბოლოდ და განურჩევლად ეწეოდა ქველმოქმედებას, ბეჭდური ლიტერატურის გამოცემასა და ღარიბ ნათესავთა მფარველობას. ეს ყოველივე მოითხოვდა საკმაოდ და დიდ ფინანსურ სახსრებს, რომლის მოსაპოვებლადაც  საკუთარი ქონების განიავება უწევდა და ავტორის თქმით, მიწას იქამდე ჰყიდდა  „ნაჭრობით“, სანამ ხელთ მხოლოდ სახლ-კარი არ შერჩა.

ავტორი არაერთხელ უსვამს ხაზს თეიმურაზის ბედოვლათობასა და უუნარობას. მისი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ანალიტიკური გონებით არ აფასებს შექმნილ სიტუაციას. იმდენადაა გატაცებული თავისი საქმიანობით, რომ საკუთარი კომფორტული ზონა აქვს შექმნილი, საიდანაც გამოსვლას არ და ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ  უფრო პრაქტიკულად მოაზროვნე მეუღლე არაერთხელ საყვედურობს საკუთარი ოჯახის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო. მარგოს აზრით, თეიმურაზი ვერ აცნობიერებს რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მისმა უპასუხისმგებლობამ ოჯახის მემკვიდრეობის მიმართ  და მას შესაბამისი ნეგატიური ეპითეტებით „ამკობს“ : „ყოველთვის ბედოვლათი იყავი ად შემდეგშიც დარჩები... ნაცარქექიავ!“.

მეტისმეტად ნაკითხი და განსწავლული თეიმურზის დამოკიდებულება საკუთარი სახლ-კარისა და მამულის მიმართ მოგვაგონებს გაუნათლებელი და უინტელექტო ლუარსაბ თათქარიძის მხატვრულ სახეს, იმ განსხვავებით, რომ პირველ შემთხვევაში გულგრილობის მიზეზი სუბიექტური შეხედულებები და საკუთარი საქმით უთავბოლო გატაცებაა, მეორე შემთხვევაში კი - უვიცობა და სიზარმაცე.

ორივე შემთხვევაში ამ პიროვნებების ცხოვრების წესს მიესადაგება რუსთველის ცნობილი აფორიზმი: „თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ . ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადოს საკუთარი პრობლემების შესწავლასა და მოგვარებას, წარუმატებლობის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა ეძიოს და არა საზოგადოებრივ წყობასა თუ გარშემომყოფთა სივრცეში.

21-ე საუკუნეში, დროში, რომელშიც უკვე ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ადამიანს არათუ დედამიწის გარშემო მოგზაურობის, არამედ მთვარეზე მიწების განაწილების  საშუალება  მისცა, უნდა ვიფიქროთ, რომ კაცობრიობის თეორიულ ცოდნას პრაქტიკული ღირებულება შესძინა, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირულად ჩანს ასე, სინამდვილეში, ამ „წინსვლამ“ იმხელა ზიანი მიაყენა დედამიწის ეკოსისტემას  და იმდენად დიდი საფრთხე შეუქმნა პლანეტის  მომავალს, რომ, კვლევების თანახმად, ეკოლოგიური კატასტროფები დღეს უკვე გადრაუვალ საშიშროებას წარმოადგენს. მსოფლიო ახლაღა მიხვდა საკუთარ შეცდომას და ახლა თავგამოდებით ცდილობს გონივრულად შეაფასოს არსებული პრობლემები და მაქსიმალურად შეეცადოს მათ გამოსწორებას.  

      


მარიამ საძაგლიშვილი

სსიპ ქ. რუსთავის მე18 საჯარო სკოლის მოსწავლე



Комментариев нет:

Отправить комментарий