Sunday, March 22, 2020

ბახტრიონი - IV, V, Vi თავები



ისტორიული ჩანართი: ზეზვა გაფრინდაული კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო. (თუშ ზეზვას მხარში ედგნენ ხევსური ნადირა ხოშარაული, ფშაველი გოგოლაური). ლუხუმი გამოგონილი პერსონაჟია.

IV თავი
1 1.    სანამ „ბახტრიონის“ IV  თავის კითხვას შევუდგებით, აუცილებელია გავარკვიოთ ვის ემორჩილებიან ფშაველნი?
როგორც ადრეც ვახსენეთ, მთის ხალხს არ ჰყავდა ბატონი, ისინი სალოცავის ყმანი იყვნენ. საინტერესოა, თუ როგორ არკვევდნენ ამა თუ იმ სალოცავის ნებას აღმოსავლეთ მთიელნი? ამისათვის მათ ჰყავდათ რჩეული ადამინები თემში, რომელთაც ქადაგებს უწოდებდნენ. ეს ქადაგი სპეციალური წესით მომზადებული შედიოდა სალოცავში და იქედან გამოჰქონდა „ხატის“ პასუხი.  ფსავში ასეთი 12 „ხატი“ და მისი საყმო (თემი) იყო. დეტალურად ეს საკითხი იხილეთ ბმულზე: http://pshavi.ge/culture/mithology.html
  2.    ახლა კი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, მოქმედება პოემაში გადადის ლაშარის გორზე, სადაც ჯარი იყრის თავს, მოდით, გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ლაშარის ჯვრის სალოცავი?
(ლაშარის ჯვარი — ფშავის მთავარი სალოცავი. საკულტო ცენტრი მდებარეობდა

ფშავის არაგვის ხეობის ზედა ნაწილში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე . . „ლაშარის გორზე“. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიცგიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენითწინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს, როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს
მასვე შესთხოვდნენ: სახნავნათესისბაქარიანობას,ადამიანთა კეთილდღეობას,ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას.
   ლაშარის ჯვრის კულტი, გარდა ფშავისა, გავრცელებული იყო თუშეთში,, ხევსურეთში, მოსაზღვრე ბარის რაიონებში, მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებში.
ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისგანაც), ადგილ-მამულს, ზერებს კახეთში და სხვა.
არსებობს შეხედულება (ვახუშტი), რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ, ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, მაგრამ ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს, რომელსაც ქრისტიანულ ხანაში ლაშა გიორგის კულტი შეერწყა (ისევე როგორც თამარ-აქიმ-დედოფლის კულტის თამარ მეფისა).
ქართულ ფოლკლორში ლაშარის ჯვრისადმი (ლაშარელასადმი) მიძღვნილი მრავალი ლექსი მოიპოვება:„ლაშარელაის ლურჯისა“, „ლაშარის ჯვარი ჯავრობდა“, „დიდობდა ლაშარის ჯვარი“, „თამარ დედოფალი და ლაშარის ჯვარიდა სხვა).
3.    ლაშარის გორზე იკრიბება ფშავ-ხევსურთა ლაშქარი, რომელი გვარები და სოფლის მცხოვრებნი იღებენ მონაწილეობას ამ თავშეყრაში (ანუ ბრძოლაში) და ვინ არიან მათი წინამღღოლები?
ვაჟას თქმით ლაშარის გორზე თავმოყრილთაგან:
v  ხევსუირებს წინ უძღვის ხოშარეული (ისტორიული პერსონაჟია ნადირა ხოშარაული)
მას უკან მოსდევს გუდანის ჯვრის საყმო (გუდანის ჯვარი ხევსურთა სალოცავია ): სუმელჯაურნი ცხრანი, ძმები ჭინჭარაულები, ჭორმეშელი და ჭიელნი, ჭორმეშელნი, ღულელნი, ხახმეტელნი.   

(გუდანის ჯვარი ითვლებოდა ხევსურეთის 3 ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების მთავარ ღვთაებად:  - საარაბულოს, საჭინჭარაულოს, საგოგოჭუროს და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად. გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (გარეშე მტერზე ლაშქრობა, დაზავება, მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და . .). იგი ძირითადად მოლაშქრე ღვთაებად მიაჩნდათ. მიეწერებოდა თავისი საყმოს დაცვა-პატრონობის ფუნქციაც (მოუსავლიანობა, ავადმყოფობა, ხიფათი და სხვა). მისი კულტი გავრცელებული იყო მეზობელ მთიელებშიც (თუშეთი, ჩაჩნეთი, ინგუშეთი).
v  ფშაველებს წინ უძღვის ბერი ლუხუმი, რომელიც ხევისბერიუა. ის თავის ლურჯაზეა ამხედრებული, ასევე მას უკან მოჰყვებიან აფხუშელნი, მახინცაური, მათურელნი, ცაბაურთ-გაბიდოურნი.

V თავი

ჩვენ წინ წარმოსდგება ასეთი სურათი: ლაშარსი გორზე გუნდ-გუნდად მოუყრიათ თავი მეომრებს და ცეცხლი დაუნთიათ. ზემოდან თუ დაჰხედავ, იფიქრებ ვარსკვლ;ავებიანი ცააო: „მთაზე დაენთო ცეცხლები, როგორც ვარსკვლავნი ცაზედა“. მხედრები ქუდმოხდილნი არიან თავიანთი სალოცავის პატივსაცემად. ცეცხლის ალზე დროშები ბრწყინავს, ცივი ნიავი მხედრებს საამოდ დაჰბერავს და თავზე ნამს აყრის. მხედრები ისე მდუმარედ და პირქუსად დგანან, რომ მათ სუნთქვასაც კი გაიგონებ. მათი გული ერთ ფიქრად არის შეკონილი: „მხედართა გულისპასუხი ერთს ფიქრად შაიკონება“. სრული ერთსულოვნება სუფევს. გულისფანცქალით ელის ყველა ხატის ბრძანებას. ქადაგი სალოცავშია შესული და ხატს ეკითხება რჩევას. სალოცავიდან ჩურჩულის ხმა მოისმის. ეს ხმა მხედრებს უფრო მეტი მოკრძალებით არავსებს, მუხლს იყრიან და პირჯვარს იწერენ, მერე ერთხმად ამბობენ: „_ გვიშველე, ლაშარის ჯვარო!“
ცოტა ხანში ქადაგი გამოდის სალოცავიდან და მათკენ მოემართება. მისი სახეც ფერდაკარგულია, როგორც ჩანს, შემკრთალია ხატის პირისპირ ნახვით. ლაშქარი სულმოუთქმელად ელის ქადაგის პასუხს და ისიც არ აყოვნებს:
ქადაგი: -ლაშარის ჯვარი ძალიან გაახარა ჩვენმა საომრად თავშეყრამ. წინ მომეგება სიცილით, ტანზე ლურჯი ბექთარი (ჯაჭვის პერანგი) ეცვა, თავზე ჩაჩქანი (ფშავ-ხევსურული მუზარადი) ეხურა, ფრანგული (ხმალი, ხმლის სახეობაა) ქარქაშიდან ამოეგო და სახილველად მზესავით ნათელი იყო. მან დაგვლოცა და გამარჯვება გვიწინასწარმეტყველა. თავად წაგვიძღვება წინ და ნუ გაიკვირვებთ, როდესაც ჩვენ წინ მიმავალს იხილავთ! რომ ნახავთ ქება უძღვენით! ლურჯ ცხენზე მჯდომი იქნება და ლაშქრის წინა მავალი.
ლაშქარი: - ვენაცვალეთ მის მადლსა! ღირსიც არა ვართ მისი ნახვისა! რატომ კადრულობს ადგილიდან დაძვრას? განა საყმო ტყუილადა ვყავართ?
ქადაგი: - მას უყვარს ფშავ-ხევსურები ერთსულოვნად რომ შეიყრებიან და ერთი დიადი მიზნისთვის რომ იბრძვიან!
ამ დიალოგით მთავრდება ეს თავი.

VI თავი

ფშავ-ხევსურებმა „საღმრთო ქნეს“, ანუ საკლავი დაკლეს და შესაბამილი ლოცვა აღავლინეს. შემდეგ კი ჩამოსხდნენ და გაიმართა ნადიმი.
v  ჯერ ადიდეს ლაშარის ჯვარი, თამარის მიერ ნაჩუქარი, ადიდეს თამარ მეფე, რომელმაც თავისი ღვაწლითა და წმინდა ცხოვრებით ხმელეთი გააკვირვა.
v  შემდეგ ახსენეს ბრძოლებში აღსრულებული გმირები, რრომელთაც თავიანთი სახელი უკვდავყვეს და შემოუნახეს შთამომავლობას.
(სახელის დატოვების საკითხი საკმაოდ საინტერესო თემაა, მთაში ამას „სახელიანობას“ უწოდებენ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხად ითვლება. „ვინა ხართ სახელიანი?“ - ეს კითხვა ბრძოლის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. ამ სიტყვის ანტონიმური, ანუ საპირისპირო მდგომარეობაა „ღალატიანობა“. ანუ ერთმანეთს უპირისპირდება ეს ორი ტიპი „სახელიანი“ და „ღალატიანი“. ამ თემას ისევ დავუბრუნდებით ბრძოლის შემდეგი სცენის განხილვისას).




Monday, March 16, 2020

ბაში-აჩუკი. XV თავი.

„დიდი ხანია ქართლ-კახეთი ისე მოსვენებით არ ყოფილა, როგორც 1659 წელში. შემოდგომა მიწურული იყო, ზამთრის პირი მოახლოვდა ... ვახტანგმა მთელი ქართლისა და კახეთის დიდებულები შეჰყარა სალხინო-სადარბაზოდ. თითქმის არავინ ჰკლებია და მათ რიცხვში კახეთის გმირებიც მოჰყვენ.
მეფემ დარბაზი გამართა, შაჰ-აბაზის მოწერილი წიგნი წაიკითხა და რჩევა ჰკითხა დიდებულებს. უმრავლესობა უარზე დადგა. „როდის ჰქონდა სიმტკიცე მაჰმადის წვერებს სპარსელის პირში და ან ყეენის სიტყვა რა დასაჯერებელიაო? ცხადია, რომ მაგათი მიტყუება უნდა საღალატოდ და, ეს რომ მოხდეს, ჩვენი თავი ცოცხალი რაღად გვინდაო?!“
ზოგიერთები სულ სხვა აზრისა იყვნენ და მათ მხარი მისცა არაგვის ბატონმა ზაალ ერისთავმაც ამ სიტყვებით: - „მართალი არის!.. და ვინ არ იცის, რომ ყეენი ჩვენზე გულს ვერ გაიწმენდს და მოყვრობას არ დაუწყებს ერისთავებს, მაგრამ ჯერჯერობით გარემოება ნებას არ აძლევს, რომ თავისი გულის პასუხი გამოამჟღავნოს და მტრობა გამოგვიცხადოს. ან რა ანგარიშია, ახლა რომ შორიდან მუქარითა და წინდაუხედაობით საქმე გაიფუჭოს? მართალია, დღეს ქართლი სპარსეთის საკუთრებას არ შეადგენს, მაგრამ მისი ხელდებული მაინც არის. სიფრთხილე მართებს ყეენს, რო საზღვარს არ გადასცილდეს, თორემ ერთი კიდევ ამისთანა გამარჯვება, როგორიც კახელებმა ნახეს, და მაშინ იძულებული შეიქნება ქართლზედაც ხელი აიღოს. ეს კარგად ესმის შაჰ-აბაზს და, თუ არ სამოყვროს, სამტროს არას ჩაიდენს.
უეჭველია, რომ კახეთის გმირებს საპირფეროდ პატივით მიიღებს და დიდებით გამოისტუმრებს; მერე კი, როცა დრო ხელს მოუმარჯვებს, მელასავით შემოგვეპარება და ეცდება გვაზღვევინოს; ეს უნდა ვიცოდეთ და მზად ვიყოთ! მანამდე კი უნდა დრო მოვიხმაროთ და მივყვეთ მის დღევანდელ ნება-სურვილს, მით უფრო, რომ საშიში არა არის რა; და, თუ არა, მაშინ თავმოყვარეობა იმდენად გააბრაზებს, რომ ეცდება მუქარის გამართლებას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩემ სიძეს, ისე ერისთავებს სახიფათო არა ელით რა, თუ ღვთის ნება არ იქნება; და, თუ მისი ნებაა, მაშინ, აქაც რომ იყვნენ, მაინც ვერ ასცდებიან განგებასო!“

ამ სიტყვებმა ბევრს გამოაცვლევინა აზრი; მეფეც დაეთანხმა და ბოლოს ჯერი მიდგა თვით ყეენის მოთხოვნილებაზე.

პასუხის ნაცვლად წამოდგა ზეზე მოხუცი ელიზბარი, მიდგა სარკმელთან, გაიხედა შიგ და დაფიქრდა. დარბაზი გაოცებით შეაჩერდა. - „ბატონო მეფევ! – მობრუნდა და სთქვა ერისთავმა. – ამ თქვენ ჭადარს რა დამართნია ეს, რომ ფოთლები გასცვენია?“

- როგორ თუ რა დამართნია?! – მიუგო გაკვირვებით მეფემ. – რაღა დროს ფოთლებია? ზამთარი დგება!..

- ვაითუ გახმეს უფოთლოდ?

- როგორ თუ გახმეს?! გაზაფხულზე განა აღარ შეიფოთლება?

- დიახ, შეიფოთლება, ჩემო ხელმწიფევ, და ჩემი პასუხიც ეს არის დღევანდელ სადარბაზო კითხვაზე. – როგორც მეფე, ისე დარბაისლები გაოცებული შეაჩერდნენ: ეგონათ, თავის გონებაზე აღარ არის და ბოდავსო, მაგრამ ერისთავმა ნაღვლიანი ღიმილით განაგრძო: - „დიდებულო ხელმწიფევ! რაც ფოთლებია ხისთვის, ჩვენ ისევე ვართ ჩვენი ქვეყნისათვის და, რაც წელიწადია ფოთლებისათვის, ის საუკუნეა ჩვენთვის.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში არც ერთი აღარ ვიქნებით, სხვები დაიჭერენ ჩვენს ადგილს: „ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსო“.
საქართველოც ჩვენი ცხოვრების ხეა, საკუთარ ქართულ ნიადაგზე დანერგილი და ზედ ქრისტეს სჯულია დამყნილი. სანამდის მისი ძირი არ შესუსტდება, ღერო არ შეინძრევა და ფესვები მაგრად ექნება გადგმული, შტოების შერხევითა და ფოთლების დაცვენით არა უჭირს რა. ჩვენც ერთი ფოთოლთაგანი ვართ, ადრე თუ გვიან დასაცვენი, და ჩვენი მიზეზით რათ უნდა მიადგეს გაჭირვება სამეფოს? არა, ჩვენო დიდებულო მეფევ, ჩვენ, უეჭველია, უნდა ვეახლოთ ყეენს და, რაც მოსავალია, მოგვივიდეს!“
დამყნობა - ერთი მცენარის კვირტის მეორეზე გადანერგვა იმგვარად, რომ მოხდეს მათი ქსოვილების შეზრდა.
- ბატონო მეფევ! – წამოიძახა ჩოლოყაშვილმა, - ჩვენი სამივეს სათქმელი ერისთავმა მოგახსენათ და მე მხოლოდ დავამატებ, რომ ხე, როგორც მცენარე, მოურწყველად ვერ იხარებს; ისე ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების განზე გასადგმელად ოფლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამებრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად!.. ამგვარი მსხვერპლის უჩვეულო არ არის ჩვენი ქვეყანა და დღეს, თუ განგებას ჩვენთვის წილად უხვედრებია სამსხვერპლო ზვარაკობა, სასოებით მივეგებებით და მორჩილებით თავს დავდებთ!.. საქართველოს ჭირიც წაგვიღიაო!.. – მივიდა და ამოუდგა ერისთავს გვერდში.

„ამინო!“ დაიძახა შალვამ და გადადგა ბიჯი მათკენ. დარბაზს ჟრუანტელმა დაუარა. ჩამოვარდა ხანგრძლივი სიჩუმე. მივიდა მეფე ხმაამოუღებლად, გადაეხვია სამივეს და გადაკოცნა. რამდენიმე კურცხალი გადმოგორდა ინით შეღებილ წვერზე და დაეცა ძირს. ვახტანგმა მიუთითა ზედ სამივეს და უთხრა: „აი, ეს იყოს საწინდარი ჩემსა და თქვენს ოჯახებს შუაო!..“
ამ ამბის შემდე არ გაუვლია დიდ ხანს, რომ შალვა, ელიზბარი და ბიძინა აღმოსავლეთისაკენ გზას ადგენ და სპარსეთისკენ მიდიოდნენ.

სწორედ იმავე დროს დასავლეთისაკენ გადაეშვნენ კორტოხს სამი ცხენოსანი: აბდუშაჰილი, პირიმზისა და ბაში-აჩუკი. ხმაამოუღებლივ მიაჩქარებდნენ ცხენებს სხვადასხვა ფიქრებით მოცულნი. აბდუშაჰილისათვის ყველგან ბაღდადი იყო, სადაც კი მისი სატრფო იქნებოდა; სიყვარულით გამსჭვალულ პირიმზისას ეჩქარებოდა, რომ სამშობლოში გადაეტანა თავისი ბედნიერება; და ბაში-აჩუკს კი მაინცდამაინც მაგდენად არაფრად ეპიტნავებოდა იმერეთი, რადგანაც გაიგო, რომ მისი კახეთისაკენ გადავარდნის მიზეზი რაჭის ერისთავისათვის მიუთხოვებიათო.

იმერეთმა დედაშვილურად მიიღო ორივე ვაჟკაცი.

ბაში-აჩუკი დაუბრუნდა თავის სახლკარობას და აბდუშაჰილიც ჩაესიძა. მართალია, დევი ყურით არ დაუჭერიათ სიძე-ცოლისძმას, მაგრამ ბევრჯერ კი კარგი სამსახური გაუწიეს იმერეთს თურქებთან ბრძოლის დროს და სამაგიეროდ ადგილ-მამულიც ბევრი შეიძინეს საწერეთლოში. ცხოვრობდნენ მყუდროდ და მხოლოდ ერთხელ კი შეშფოთდნენ. ეს მაშინ, როდესაც გაიგეს, რომ მათი საყვარელი კახეთის გმირები სპარსეთში უწამებიათო.

ბევრს ეჭირა თვალი სასიძოდ ბაში-აჩუკისაკენ ანუ, როგორც შემოკლებით ეძახოდნენ, ბაჩუკისაკენ, მაგრამ გაუცრუვდათ იმედი: ის ცოლ-შვილის მოკიდებას არ აპირებდა, სანამდის წერეთელი არ მოკვდა და ერისთავიც არ მიიცვალა! მაშინ კი გადავიდა რაჭაში, მოიტაცა ქვრივი და ჯვარი დაიწერა. უშვილძიროდ არც სიძე და არც ცოლისძმა არ გადასულან: აბდუშაჰილის ჩამომავლობა დღესაც არიან ჩვენში – აბდუშელიშვილები და ეტყობათ კიდეც, რომ კარგი წინაპარი უნდა ჰყოლოდათ. რაც შეეხება ბაში-აჩუკის ან ბაჩუკას ნაშიერს, ისინი უფრო გამრავლებულიც არიან დღეს, მაგრამ ბაჩუკიშვილობას სწუნობენ და ბაქრაძეობაზე სდებენ თავს, და, დაუბრუნდებიან თუ არა ბაჩუკიშვილობას, ის ღმერთმა იცის“

.

1896 წელი. აკაკი წერეთელი.

ბახტრიონის აჯანყება




მოკლედ, ვიმოგზაუროთ დროში! მინდა მომწეროთ კომენტარებში, თქვენ ვისი როლი მოგწონთ ამ პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად, ვისას გაითავისებდით. მივყვეთ ფაქტებს და მოვლენებს:

1. ისტორიული ბახტრიონის აჯანყებიდან ჩვენთვის ცნობილი გმირები არიან: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. ასევე, ზაალ ერისთავი.
ისტორიული პერსონაჟია: შაჰ აბას II, საქართველოს მეფეები - კხეთის მეფე თეიმურაზი და ქართლის მეფე ვახტანგ V


2. ვის რა როლი ჰქონდა ბრძოლაში: აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ზაალ არაგვის ერისთავი. უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და ელიზბარ ერისთვი. (აკაკი მოგვითხრობს მათზე დეტალურად „ბაში აჩუკში“) აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თუშ-ფშავ-ხევსურებმა ზეზვა გაფრინდაულის, ნადირა ხოშარაულის, გოგოლაურის მეთაურობით.

(ვაჟა-ფშაველა მოგვითხრობს მათზე დეტალურად პოემა „ბახტრიონში“)

თურქმანებს კახეთში ორი ძლიერ გამაგრებული პუნქტი ჰქონდათ : ბახტრიონის ციხე და ალავერდის ციხე, სინამდვილეში ეს იყო ტაძრები, რომლებიც დამპყრობლებს ციხესიმაგრეებად ჰქონდათ ქვეული.
3. როგორ წარიმართა ბრძოლა:
აჯანყება 1659 წელს მოხდა. არაგვის საერისთავოს ჯარი ზაალის შვილის ზურაბის სარდლობით და ქსნის ერისთავის ჯარი ახმეტაში შეიკრიბნენ. ბახტრიონის ციხისკენ მოვიდნენ თუშები, ფშავები და ხევსურები. კახელები ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ალავერდს მიადგნენ. ქართველებმა ერთდროულად შეუტიეს ამ ორ ციხეს და აიღეს. ამის შემდეგ აჯანყებულებმა ჩამოსახლებულ თურქმანებს შეუტიეს. თურქმანთა დიდი ნაწილი ამოწყდა, ვინც გადარჩა თავს გაქცევით უშველა. კახეთი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა.
4. რა მოჰყვა ამ გამარჯვებას:
შაჰის ბრძანებით ვახტანგ V-მ ზაალ ერისთავი მოკლა. შალვა, ელიზბარი და ბიძინა კი შაჰს ეახლნენ, რათა ამით მაინც დაეცხროთ აბას II-ის მრისხანება და ქვეყანა ირანელთა შესაძლო დამსჯელი ლაშქრობისგან დაეცვათ. აბას II-ის ბრძანებით ბახტრიონის აჯანყების ხელმძღვანელები დასასჯელად იმ თურქმანებს გადასცეს, ვისი თანატომელებიც კახეთში სახლობდნენ. 1662 წელს თურქმანებმა ქართველი მამულიშვილები წამებით დასაჯეს. შემდგომში ისინი სამშლოში გადმოასვენეს და იკორთის მონასტერში დაკრძალეს. ეკლესიამ შალვა ბიძინა და ელიზბარ ქსნის ერისთავები წმინდანებად შერაცხა.

2. კახეთის მეფე თეიმურაზი (ქეთევან დედოფლის ვაჟი);




3. შაჰ აბას II.



დეტალურად გაეცანით ამ ტექსტს და შემდეგ ვნახოთ როგორ ასახავს ამ მოვლენებს აკაკი წერეთლის „ბაში აჩუკი“ და ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონი“

Sunday, March 15, 2020

გაკვეთილი I - როგორ იწერება ისტორიულ ამბავზე შექმნილი ნაწარმოები?


გაკვეთილი I - როგორ იწერება ისტორიულ ამბავზე შექმნილი ნაწარმოები?