Sunday, June 29, 2025

სქეარქიმანდრიტ იოანე ჯიშკარიანზე - „ოქროს მდინარე“ - ნინო ლარცულიანი

ყოველთვის, როდესაც მის გვერდით ვიყავი და ვხედავდი, როგორი უბრალო იყო, როგორ ემსახურებოდა დიდსა თუ პატარას, ვფიქრობდი, რომ სრულიად ჩვეულებრივი  ადამიანი იყო… მაგრამ მისგან წამოსულს მუდმივად თან მდევდა აუხსნელი განცდა იმისა, რომ ის კაცთა შორის დიდი, ძალიან დიიიდი კაცი იყო, თითქოს გოლიათივით მიმოდიოდა ჩვენ შორის და თავი ღრუბლებში ჰქონდა: სხვა ჰაერს სუნთქავდა, სხვა მზეს და ცას უყურებდა. 
მოგვიანებით ეს ასე ავხსენი: როდესაც უზარმაზარ  ქანდაკებასთან ახლოს მიდიხარ, ისე ახლოს, რომ ზედ ცხვირის მიბჯენაც კი შეგიძლია, რას ხედავ? ხედავ მხოლოდ ქვის ერთ ფრაგმენტს!.. მაგრამ საკმარისია მისგან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიო, ეს გამოსახულება გაიზრდება თვალსა და ხელს შუა, შორიდან კი  ის იხილვება მთლიანი და სრული. ალბათ ასეა, დიდი საგნები შორიდან იხილვება ისევე, როგორც დიდი ადამიანები!

სქეარქიმანდრიტ მამა იოანეს (ბერობაში სერაპიონი) ეძღვნება ჩანახატი, რომელიც პატრიარქის კურთხევით,  გამოქვეყნდა „საპატრიარქოს უწყებანში“ 2005 წელს.

                               ტექსტის სანახავად გადადით ამ ლინკზე:    „ჩემი ჯვარი“ 
                      ასევე, მამა იოანეს ეძღვნება ჩემი მოთხრობა „ოქროს მდინარე“ 
                  

                               ამჟამად ვმუშაობთ წიგნზე: „მამა იოანე - მოგონებები“, სადაც თავმოყრილი იქნება მრავალრიცხოვან სნეულთა და წამალზედამოკიდებულ ადამიანთა კურნების ცოცხალი ისტორიები, რომლსაც თავად თვითმხილველნი მოგვითხრობენ. 



ოქროს მდინარე


(ეძღვნება სქეარქიმანდრიტ იოანე ჯიშკარიანს)

დიდხანს ვეძებდი ოქროს მდინარეს. ბოლოს ერთ მთაზე მიმასწავლეს. იქ ბერის კელია დამხვდა, სხვა არაფერი.
რამდენიმე წუთში მოძღვრის გვერდით ვიჯექი და წყლის წისქვილივით ვფქვავდი:
- ამპარტავნება, ფარისევლობა, მრისხანება ..
- წვიმა, თოვლი, ქარი, ქარიშხალი ... ისე ჰყვები ამ ყველაფერს, თითქოს შენ სულ არ გეხებოდეს, რად მინდა ეს, შვილო?
-აღსარებას ასე ვაბარებ ხოლმე ...
- ხე ყოველთვის ერთსა და იმავე ნაყოფს მოისხამს, თუ მას ფესვიანად არ ამოიღებ.
- ჰოდა, დაისხამს იმას, რაც ახლა ჩამოვთვალე...
- რა გაწუხებს, შვილო, ის მითხარი.
- რა მაწუხებს?.. არ ვიცი...
- გულში ჩაიხედე აბა.
- მე გულს არ ვუსმენ ხოლმე, გონებით ვმოქმედებ.
- გულიც გონებაა.
- გონება?
- ჰო, დიდი გონება.
- აბა ეს რაღაა? - თავზე ვიდებ საჩვენებელ თითს.
- ეგ პატარა გონებაა.
- პატარა?
- ჰო, ძალიან პატარა.
- აკი, ცივი გონებით უნდა იაზროვნოო?
- ვინ გითხრა, ვინ? - თავზე ხელს მისვამს მოძღვარი და აგრძელებს, - არ ვუსმენთ გულს, რომელსაც მუდამ სურს, რაღაც გვითხრას, სწორედ გულშია ჩვენი ბედნიერების გასაღები, სწორედ იქ ცხოვრობს ჩვენი ნამდვილი „მე“, რომელსაც უნდა ჰკითხო, რა სტკივა, რა ახარებს, რაზე ოცნებობს, საით მიისწრაფვის. გულია ადამიანის და ღმერთის შეხვედრის ადგილი.
- რა ლამაზად საუბრობთ, მოძღვარო, თქვენ პოეტი ხართ!
- პოეტი შენ თვითონ ხარ და მე მაბრალებ ახლა! - ეღიმება თეთრ თმაში მოლივლივე სახეს,- აი, არქიტექტორს არქიტექტორი ვგონივარ, მხატვარს - მხატვარი, ფიზიკოსი იყო იმ დღეს ამოსული და მიმტკიცებდა, თქვენ ფიზიკოსი იქნებითო, ჰოდა, რომელი პროფესია ავირჩიო ახლა აღარ ვიცი!
- უსიყვარულობა მტკივა მოძღვარო, - უცებ დავიწყე მე, – „არ მიყვარს“ მტკივა და „მიყვარს“ - მეოცნებება.
- ვინ გინდა, რომ გიყვარდეს?
- ღმერთი!
- და არ გიყვარს?
- რომ მიყვარდეს, არ ვატკენდი გულს, ჩემი სიყვარული არაა სრულყოფილი, ძალიან პატარაა.
- იცი, რა არის მთავარი?
- არა, არ ვიცი!
- რომ გინდა გიყვარდეს!
- რომ მინდა?
- ჰო, ეგ ერთი „მინდაა“ ყველაფერი! ის ქამანდივითაა კლდის ქიმზე რომ მოისვრი და მერე ნელ-ნელა ქვებს ებჯინები და ადიხარ მაღლა.
- რა კარგად თქვი!
- შენ ის მითხარი, ღმერთის სიყვარულის მაძიებელო, გზად ვინც და რაც შეგხვდება, ის თუ გინდა გიყვარდეს?
- მთაზე ასვლისას?
- ჰო.
- ვინც და რაც ხელს შემიშლის - არა! ვინც და რაც დამეხმარება - კი!
- და, როგორ ფიქრობ, ვინც და რაც ხელს შეგიშლის, ის შემთხვევითი იქნება?
- არ ვიცი... ალბათ.
- რამდენი რამ მომხდარა შენს ცხოვრებაში შემთხვევით?
- ძალიან ბევრი!
- მაგალითად?
- მისაღებ გამოცდაზე - ბილეთი შემხვდა შემთხვევით, კიდევ... საყვარელი ადამიანი გავიცანი შემთხვევით...
- ახლაც ასე ფიქრობ, როდესაც განვლილ ცხოვრებას გადახედავ? შემთხვევით იყო ეს ყველაფერი? მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ხომ არ ხდავ ამ შემთხვევითობებში?
- კი, ვხედავ... მიფიქრია ამაზეც, მაგრამ შორს აღარ გავყოლივარ ფიქრს...
- ახლა? ახლა რას ფიქრობ?
- ჰო, მგონი ასე უნდა იყოს.
- მგონი?
- კი, ასეა! - ვამბობ და ჩემს ირგვლივ მთელი ცხოვრებისეული „შემთხვევითობები“ ერთ მოწესრიგებულ ჯაჭვად ლაგდებიან.
- მაშასადამე, შემთხვევითობა წესრიგის ის ნაწილია, რომლესაც შენვე უდებ დასაბამს, შენვე განაპირობებ!
- წინა ქმედება განაპირობებს შემდეგს, შემდეგი - შემდეგს... ჰო, მართლა ასეა! აღმაშფოთებელია, რომ ამას აქამდე ვერ მივხვდი!
- შვილო, შვილო, არავის უნდა ეს! არავინ უსმენს გულს, არ აკვირდება, თორემ ის ყოველთვის გაძლევს პასუხს, ყოვლთვის გასწავლის რამეს.
- და რაც ხელს შემიშლის და ვინც ხელს შემიშლის, - ის როგორ უნდა შევიყვარო?
- გაიხსენე, რას გვასწავლის ქრისტე: გიყვარდეს მტერი შენი, ნუ დაემსაგვსებით წარმართებს, რომელთაც მხოლოდ კეთილისმყოფელნი უყვართ, არამედ გიდებთ ახალ მცნებად, რომ გიყვარდეთ თქვენი მტერი, თქვენი მაწყევარნიო!
- გასაგიჟებელი სიტყვებია!
- უნდა გაგიჟდე მერე! ამქვეყნიური სიბრძნისთვის გიჟი უნდა იყო, რომ დიად, უმაღლეს სიბრძნეს ეზიარო!
- როგორ შევიყვარო მტერი?
- შენ როგორ ფიქრობ?
- ალბათ, უნდა ვიფიქრო, რომ მასშიც ღვთის ხატებაა... არ ვიცი, რთულია!
- რთული ჩვენი დამოკიდებულებაა, სინამდვილეში ყველაფერი იმდენად მარტივია, რომ ბავშვიც გაიგებს!
- მარტივი როგორაა?
- კი, შვილო, ასეა! ღმერთია მარტივი და როგორ შეიძლება რამე იყოს რთული, როცა ღმერთზე დიდი არავინაა... არაფერია!
- ღმერთი როგორღაა მარტივი?!
აი, ხედავ ამ სკას? - სარკმლიდან გამახედა.
- კი.
- ფუტკრებს ვინ ასწავლა წესრიგი?
- ღმერთმა დაუდგინა ასე!
- ჩიტებს? სივრცეში როგორ იგნებენ გზას თბილი ქვეყნებისკენ? ხეს და ბალახს ვინ ასწავლა გაზაფხულზე გამოღვიძება? ჩვილს ვინ ასწავლა, რომ საჭირო დროს დაიბადოს და დედის წიაღი დატოვოს?
- ეს ხომ ღვთისგანაა დადგენილი ასე!
- ჰოდა, თუ მწერს, ფრინველს, ხესა და ბალახს, თვით უგონო არსებებს შეუძლიათ გაიგონ ღმერთის, შეეუერთდნენ და შეერწყან ამ საღვთო და დიად წესრიგს, მაშ, ჩვენ რაღა დაგვემართა? ... თუ ჩვილს, სიცოცხლემოწყირებულს, აქვს სწრაფვა შეუერთდეს ამ საღვთო ჰაერმონიას - ქვეყანას, ადამიანთა ბედნიერებისთვის გაჩენილს, ჩვენ სადღა ვეძებთ ჰარმონიასა და ბედნიერებას?! ხედავ, რა მარტვივია ეს ყველაფერი?!
- ჩვენ რატომღა გვიჭირს ღმერთის გაგება?
- იმიტომ, რომ ეს გვიშლის ხელს (საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიდო ბერმა).
- გინდა, თქვათ, რომ ცოდნა ხელს გვიშლის?
- დიახ, ბატონო! პატარა გონებაში ვერასოდეს მოთავსდება ის, რაც დიდი გონებისთვისაა განკუთვნილი.
- გული, ისევ გული...
- ყოველი ადამიანი მოსიარულე გულია: ზოგი - დიდი, ზოგი - პატარა, ზოგი - ყრუ, ზოგიც - სმენამახვილი, მაგრამ მაინც - გული.
- და რატომ უნდა მიყვარდეს მტერი? გთხოვ, ამიხსენი!
- სულიერი კანონების შესახებ გსმენია რამე?
- არა!
- სამყაროში მოქმედებს როგორც ფზიკური, მატერიალური, ისე სულიერი კანონები. სწორედ ამ კანონზომიერების მიხედვით დგინდება სამყაროს წესრიგი.
- წესრიგი? სად არის წესრიგი? ირგვლივ ქაოსია!
- არა, ვერ დაგეთანხმები! სრული წესრიგია!
- გინდა თქვა, რომ (მე უკვე შენობით მივმართე, ისე გამიტაცა საუბარმა) უსამართლობა არ არის?
- არა, რა თქმა უნდა!
- ნუ გადამრიე, მოძღვარო, რას ამბობ?
- სრულ ჭეშმარიტებას მოგახსენებ! აი, მაგალითად, შენ ხომ თავად მიყვებოდი საკუთარ თავზე, თუ როგორი საძაგელი ხარ...
- კი, ამპარტავანი, ფარისეველი ...
- მაშასადამე, თუ ასეთი ხარ, ვინ და რამ გიმკურნალოს? სწორედ იმ მტერმა და წინააღმდეგობებმა, რომლებიც თავისდაუნებურად, მაგრამ ღვთის დაშვებით, შენს ცხოვრებაში მოდიან და უფაქიზეს, სულიერ ოპერქციას გიტარებენ და შენ კიდევ მადლიერი არა ხარ?!
- როგორ?
- ხომ თქვი, ამპარტავანი ვარო, ჰოდა, თავმდაბლობა რომ შეიძინო, გაგლანძღავს ვიღაც და სწორედ ისეთს წარმოგაჩენს, გამოგააშკარავებს, როგორიც სინამდვილეში ხარ! მართალია, მისთვის შეიძლება არაფერი დაგიშავებია, მაგრამ ხომ იცი შენ, შენს თავთან მიმართებაში, ღმერთთან მიმართებაში რა საძაგელიც ხარ, ურცხვი, მოღალატე!..
- კი, კი, ვარ!
- ჰოდა, ხედავ, რატომ უნდა გიყვარდეს მტერი?
- ახლა გავგიჟდები!
- ჰო, შვილო, უნდა გაგიჟდე და აღიარო ეს!
- დავიღალე, მამაო...
- ჩაის მოგიმზადებ. მიატან რამეს?
- კი, ნამცხვარი თუ გაქვს, ან „პეჩენია“.
ეღიმება.
- მე ისეთი ღორმუცელა ვარ, ნამცხვრებს და „პეჩენიებს“ რა გამომიმილევს?
არაფერს ვეუბნები, მაგრამ მიკვირს ეს სიტყვები, ვიცი, რომ წყლით, თაფლითა და რაღაც ბალახებით იკვებება მხოლოდ და ტკბიულეული სტუმრებისთვის აქვს გადანახული. ლამბაქით მოწოდებული ჩაი გამოვართვი.
- რა მიქენი ეს, მამაო? სულ სხვა მხარეს შემომაბრუნე!
- ჰო, შვილო, ასე უნდა მომხდარიყო! სულ უკუღმა ვართ მომართულნი და წაღმა შემობრუნება არ გვინდა, ამიტომ ვთქვი, უნდა გაგიჟდე-თქო! გიჟს დაგიძახებენ, ასე რომ მოემართები, მაგრამ ესაა სინამდვილე!
- ანუ წესრიგია სამყაროში?!
- სრული, სრული წონასწრობა!
- ბედისწერზე რაღას იტყვი?
- ბედისწერას მშობლები უქმნიან შვილებს!
- რა?
- ასეა!
- „ბაბუის დარგულმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთაო“ - ეს გამახსენდა.
- სათამაშოები კი მოგიგროვებია ბლომად, მაგრამ რად გინდა? ნაძვისხე არა გაქვს!
- რა სათამაშოები? რა ნაძვისხე?
- მე დღეს შენ დაგიდგი ნაძვისხე და ახლა შენი საქმეა ისაა, მთელი ეს მოგროვილი ცოდნა ზედ ნელ-ნელა და მოწესრიგებულად განალაგო! ხერხემალი თუ არ გასწორდა, მთელი სხეული მრუდე იქნება.
- გული გამეხსნა.
- ჩაი დალიე, გაცივდება.
- აღარ შემიძლია.
- გემრიელი ნამცხვარია.
- „პეჩენიაა“ ეს, მამაო,
- ჰო, „პიჩენია“ თუ ორცხობილა, ჰა, რას იტყვი, ფილოლოგო?
- საიდან იცით, მამაო?
- ხომ, გითხარი, ღორმუცელა ვარ-თქო!
- არა, ფილოლოგი რომ ვარ ის, საიდან იცით?
- შემთხვევით...
გულიანად გვეცინება ორივეს.
- წადი ახლა და სხვასაც ასწავლე, რაც დღეს გაიგონე.
- გული ძალიან გამიცხელდა, ისე, თითქოს იწვოდეს, სილამაზით და სიყვარულით იწვოდეს!
- კარგია, შვილო, კარგია, ასე გააგრძელე!
- თქვენ მე ღმერთს ჩამახუტეთ!
- მე არა, მან თვითონ ჩაგიხუტა და ეს შენს გულში მოხდა... მე ერთი გამოპრუტუნებული ბერი ვარ, - ეცინება საკუთარ თავზე, მეც მეცინება სიხარულდაუტევნელად.
- წადი ახლა, გელოდება ის ბიჭი და ნუ გადააფიქრებინებ შენს ცოლად მოყვანას!
- რას?.. ესეც შემთხვევით მოხდება?
- თითქმის! - ამბობს და ისევ ეღიმება. მერე ჩემს თავს ორივე ხელისგულში მჭიდროდ იქცევს და გულის ფიცარზე დაიკონებს. მისი გული ისეთ სივარვარეს გამოსცემს, გაძლება მიჭირს და სუნთქვაშეკრული ვყუჩდები, როდესაც თავს უკან ვწევ, ვხედავ, რომ ოთახი ისეთი სინათლითაა სავსე, რომ საგნების გარჩევა მიჭირს, ყველაფერი ოქროსფერია, მზე რომ დააჭერს ხოლმე შუადღისას, ისე.
- ქრისტე მოგეფეროს შენ, უსაყვარლესო! ღმერთია ჩვენი ბედნიერება! გახსოვდეს ეს!
- მემახსოვრება... - ვამბობ და ნელა ვბრუნდები კარისაკენ და თითქოს ჩვეულებრივ სივრცეს კი არა, რაღაც უჩვეულო სივრცეს მივაპობ სხეულით.
- შენ არ დამლოცავ, შვილო? - მესმის ზურგს უკან და მოლივლივე სივრცეში ვბრუნდები, ხელს გულზე ვიდებ და გაოცებული ვამბობ:
- მე? მე დაგლოცოთ, მამაო?
- ჰო, შვილო, დამლოცე და ისე წადი!
რაღაც ძლიერ თავდაჯერებულობას ვგრძნობ უეცრად მოსულს, თითქოს ლერწი ვარ და ვიღაცამ ჭიგო ჩაარჭო ჩემში და ზედ რაღაც ცეცხლოვანი ძაფებით შემომაჭირა, ძლიერად, ძალიან ძლიერად და ვამბობ:
- ქრისტე ღმერთი განუშორებლად იყოს შენთან, მამაო!
- ამინ! - ხელებაღმართული მჭექარედ ამბობს ბერი და მე მოვდვარ. ვტოვებ კელიას, ვეშვები მთიდან დაბლა ფერდობზე და ვგრძნობ, როგორ მომყვება თან ოქროს მდინარე, რომელიც აცოცხლებს და კვებავს გზაზე ყოველივეს.
ასე ვპოვე ოქროს მიდარე, რომელიც თუკი ერთხელ, ერთხელ მაინც შენი გულიდან ამოხეთქავს, აღარასოდეს დაშრება, იდენს და იდენს მარადიულად. ამინ!
ნინო ლარცულიანი
/2019 წელი, 7 ივლისი, იოანე ნათლისმემლის შობის დღე/



 

                                                            მამა იოანე და ანა 


მე და დედა იოანა (გაბაშვილი)


  
ლომისაზე მამა იოანეს და მამა ღვთისავარსა და მამა სერაფიმესთან  ერთად 


 ანა გოგო მამა იოანეს ქუდში


მამა იოანე და მარია 




                                                     

Monday, May 1, 2023

აფორიზმების სამყარო

                    დაასრულეთ აფორიზმი

 ზემოაღნიშნული სიტყვები (დაასრულეთ აფორიზმი) გადაგიყვანთ ვიქტორინაზე, 
სადაც უნდა დაასრულოთ აფორიზმი



Thursday, April 13, 2023

შეკვეთა ხელოვნების იდეას ეწინააღმდეგება და ზღუდავს მის განვითარებას (კ. გამსახურდიას რომანის მიხედვით)

 

ხელოვნება ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატულებაა. ხელოვნება მრავალმომცველია თავისი ბუნებით, იგი თითქოს ამ ფიზიკურ სამყაროს არ ეკუთვნის, თითქოს სხვა განზომილებაა.  იმდენადაა დაშორებული რეალობას,  რამდენადაც ახლოა მასთან...

ხელოვნება მეტისმეტად თავისთავადი ბუნებისაა, სხვადასხვა ხელოვანის ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ნამუშევარიც კი შეუძლებელია ერთნაირად გამოიყურებოდეს. შემოქმედების ყოველი ნიმუში ავტირს ინდივიდუალურ ხელწერას ატარებს. ამას კი შემოქმედის ნიჭი, ხედვა და განწყობა განაპირობებს. მართალია,  ხელოვნების ყოველი ნიმუში საბოლოოდ მატერიალურ ფორმას იღებს, მაგრამ მისი პირველწყარო მაინც ირალური სამყარო, ავტორის ფანტაზია, საგანთა და მოვლენათა წიაღში მისეული წვდომაა: „სამყაროში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა“ - წერს ალბერ კამიუ. „ხელოვნება თავად უკვდავებაა. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“ - დიდი ხუროთმოძღვრის პირით იტყვის თავის ისტორიულ რომანში კონსკტანტინე გამსახურდია. სწორედ თავისი შემოქმედებითი ბუნების გამო, ვფიქრობ, შეკვეთა შეუძლებელია ხელოვნების იდეას არ ეწინააღმდეგებოდეს და მეტიც არ აფერხებდეს მის განვითარებას.  

კონსტანტინე გამსახურდიას თავის რომანში, „დიდოსტატის მარჯვენა“, ისტორიულ ფაქტებთან ერთად, სწორედ  ხელოვანის ურთულეს შემოქმედებით  ცხოვრებას აგვიწერს.  ავტორი ნაწარმოების არაერთ ეპიზოდში მოგვითხრობს  ახალგაზრდა ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის, შინაგანი განცდებისა და შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველ სურათებს.

მოცემული ეპიზოდი ფარსმან სპარსის და კონსტანტინე არსაკიძის  დიალოგია წარმოდგენილი. ხანში შესული, გამოცდილი ფარსმან სპარსი, ახალგაზრდა ოსტატს მეტად მნიშვნელოვან საკითხზე უწყებს საუბარს. ამ დიალოგში ნათლად ჩანს   იმდროინდელი საზოგადოების დამოკიდებულება ნამდვილი და მდარე ხარისხის ხელოვნების ნიმუშის მიმართ, ფარსმანის თქმით, ადამიანების უმრავლესობას, საყოფაცხოვრებო საგნები ურჩევნია გენიალურ მხატვრულ ტილოს: „შესაძლოა წინასწარ იცოდე მხატვარმა კიდევაც,რომ შენ სურათს ზედაც არ შეხედავს არავინ, გული საგულეს უნდა გქონდეს მაინც. რადგან ეგ ასეა: ჩვენს აზნაურებს მიმინოს სკორე ურჩევნიათ სურათებს, ხოლო დიდვაჭრებს - ნოხები, ბიზანტიელ პატრიციებს - ცხენები...“. ეს სიტყვები მოწმობს, რომ ფარსმანს ბევრი რამ აქვს გადაეტანილი, მისი ცხოვრებისული გამოცდილება აიძულებს იფიქროს, რომ მისი  ჭეშმარიტი აზრი სხვებისთვის არაფერს წარმოადგენს. აქვე, არ შეიძლბეა არ გაგვახსენდეს ჯონ კენედის სიტყვები: „თუ გვინდა, ხელოვნება ასაზრდოებდეს ჩვენი კულტურის ფესვებს, საზოგადოებამ ხელოვანი უნდა გაათავისუფლოს“.

ფარსმანი ახლგაზრდა ხუროთმოძღვარს შეახსენებს, რომ ჭეშმარიტ ხელოვნებას არამარტო საზოგადოება, არამედ ხშირად სასულიერო პირებიც კი ვერ აფასებენ. ფარსმანის თქმით, ხელოვანს ოდესღაც საკუთარი ხელოვნების ნიმუშებიც კი დაუპირისპირდებიან: „ვაი მას, ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი. განკითხვის დღეს მხატვრის მიერ გამოსახული პირები გაცოცხლდებიან, სურათიდან ჩამოვლენ, მიეჭრებიან დამხატველს და მოსთხოვენ სულს და მხატვარი იგი, რომელიც ვეღარ შესძლებს საკუთარი სულის მიცემას, უცილოდ დაიწვება უშრეტი ცეცხლით“. ამით ფარსმან სპარს იმის თქმა სურს, რომ ,ყოველგვარი წესის დარღვევით შექმნილი ნამუშევარი ბევრად მეტია  მხატვრისთვის დაკვეთილ, დაძალებულ, თუნდაც საუკუნოვან შედევრზე, რადგან სწორედ ესაა ნამდვილი ხელოვნება.

თანამედროვე სამყაროში, დროში, როდესაც ადამიანის შესაძლებლობებს ფართოდ გაუხსნა კარი ტექნოლოგიურმა პროგრესმა, როდესაც ბუნებრივ ინტელექტს კონკურენციას უწევს ხელოვნური ინტელექტს,  მაინც შეუცვლელი რჩება ადამიანის შემოქმედებითი გენია, რომელსაც მხოლოდ ადამიანის ინდივიდუალური ნიჭი, ხედვა და განცდათა წვდომისდ და გადმოცემის თავისებურება ქმნის.

ვფიქრობ, პიროვნული თუ საზოგადოებრივი დაკვეთა ვერასოდეს იქნება ისეთი მაღალღიებული, როგორც შემოქმედის მიერ საკუთარი ნებითა და შემოქმედებითი წვის ხარჯზე შექმნილი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში.

                                                                                                       მარიამ საძაგლიშვილი



Monday, March 6, 2023

„თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ ( მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვიოთ)

 

   ადამიანი ეგოცენტრული არსებაა. ის მიიჩნევს, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ფაქტებსა და მოვლენებსაც საკუთარი გადასახედიდან აფასებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, დომინანტურს ხდის პიროვნების სუბიექტურ აზრს და  აკარგვინებს მას რეალობის ობიექტურ აღქმას კონკრეტულ დროსა და სივრცეში.  სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა არ ცდილობს, საკუთარ თავში ეძებოს ამა თუ იმ პრობლემის მიზეზი, ეს კი ხელს უშლის მის მენტალურ ზრდას, განვითარებასა და ადგილის დამკვიდრებას მის თანამედროვე საზოგადოებაში. ადამიანი ოდითგანვე მიზანსწრაფული იყო წარმატებისა და ძალაუფლების მოპოვებისაკენ, რაშიც მას შესაბამისი ცოდნის დაგროვება ეხმარებოდა. თუმცა ისტორიასა და მხატვრულ ლიტერატურაში არაერთი ადამიანი გვხვდება, რომელმაც მიღებული ცოდნის პრაქტიკული განხორციელება ვერ შესძლო.

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით თეიმურაზ ერისთავი ოდესღაც დიდ მემამულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც, ავტორის თქმით: „საზოგადო საქმეებშიც უფრო ღრმად შესტოპა, მისი მამულიც, უპატრონობის გამო და ჯაყოს წყალობით, თანდათან დაილია“. თეიმურაზი უთავბოლოდ და განურჩევლად ეწეოდა ქველმოქმედებას, ბეჭდური ლიტერატურის გამოცემასა და ღარიბ ნათესავთა მფარველობას. ეს ყოველივე მოითხოვდა საკმაოდ და დიდ ფინანსურ სახსრებს, რომლის მოსაპოვებლადაც  საკუთარი ქონების განიავება უწევდა და ავტორის თქმით, მიწას იქამდე ჰყიდდა  „ნაჭრობით“, სანამ ხელთ მხოლოდ სახლ-კარი არ შერჩა.

ავტორი არაერთხელ უსვამს ხაზს თეიმურაზის ბედოვლათობასა და უუნარობას. მისი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ანალიტიკური გონებით არ აფასებს შექმნილ სიტუაციას. იმდენადაა გატაცებული თავისი საქმიანობით, რომ საკუთარი კომფორტული ზონა აქვს შექმნილი, საიდანაც გამოსვლას არ და ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ  უფრო პრაქტიკულად მოაზროვნე მეუღლე არაერთხელ საყვედურობს საკუთარი ოჯახის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო. მარგოს აზრით, თეიმურაზი ვერ აცნობიერებს რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მისმა უპასუხისმგებლობამ ოჯახის მემკვიდრეობის მიმართ  და მას შესაბამისი ნეგატიური ეპითეტებით „ამკობს“ : „ყოველთვის ბედოვლათი იყავი ად შემდეგშიც დარჩები... ნაცარქექიავ!“.

მეტისმეტად ნაკითხი და განსწავლული თეიმურზის დამოკიდებულება საკუთარი სახლ-კარისა და მამულის მიმართ მოგვაგონებს გაუნათლებელი და უინტელექტო ლუარსაბ თათქარიძის მხატვრულ სახეს, იმ განსხვავებით, რომ პირველ შემთხვევაში გულგრილობის მიზეზი სუბიექტური შეხედულებები და საკუთარი საქმით უთავბოლო გატაცებაა, მეორე შემთხვევაში კი - უვიცობა და სიზარმაცე.

ორივე შემთხვევაში ამ პიროვნებების ცხოვრების წესს მიესადაგება რუსთველის ცნობილი აფორიზმი: „თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ . ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადოს საკუთარი პრობლემების შესწავლასა და მოგვარებას, წარუმატებლობის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა ეძიოს და არა საზოგადოებრივ წყობასა თუ გარშემომყოფთა სივრცეში.

21-ე საუკუნეში, დროში, რომელშიც უკვე ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ადამიანს არათუ დედამიწის გარშემო მოგზაურობის, არამედ მთვარეზე მიწების განაწილების  საშუალება  მისცა, უნდა ვიფიქროთ, რომ კაცობრიობის თეორიულ ცოდნას პრაქტიკული ღირებულება შესძინა, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირულად ჩანს ასე, სინამდვილეში, ამ „წინსვლამ“ იმხელა ზიანი მიაყენა დედამიწის ეკოსისტემას  და იმდენად დიდი საფრთხე შეუქმნა პლანეტის  მომავალს, რომ, კვლევების თანახმად, ეკოლოგიური კატასტროფები დღეს უკვე გადრაუვალ საშიშროებას წარმოადგენს. მსოფლიო ახლაღა მიხვდა საკუთარ შეცდომას და ახლა თავგამოდებით ცდილობს გონივრულად შეაფასოს არსებული პრობლემები და მაქსიმალურად შეეცადოს მათ გამოსწორებას.  

      


მარიამ საძაგლიშვილი

სსიპ ქ. რუსთავის მე18 საჯარო სკოლის მოსწავლე



Monday, February 27, 2023

ჭეშმარიტი ხელოვნება სულის სიფაქიზის წყარო და ადამიანის ზნეობრივი ორიენტირია

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის მიხედვით 
 („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ  უყვარდა“) 

ხელოვნება ნიმუშია იმისა, თუ რაოდენ შემოქმედებითი შეიძლება იყოს ადამანი. ხელოვნების სხვადასხვა დარგით გატაცება ადამიანს საკუთარი კომფორტის ზონას უქმნის, ეხმარება  მოსწყდეს გარესამყაროს პრობლემებს და მიიღოს ესთეტიკური სიამოვნება.                              ჭეშმარიტი ხელოვნება სულის სიფაქიზის წყარო  და ადამიანის ზნეობრივი ორიენტირია.

ხელოვნება სამყაროში პრიმატის გაჩენის დღიდან იბადება, ვითარდება, იხვეწება და სიალმაზის გამოხატვის საშუალებად რჩება. ამის მაგალითად ძველი გამოქვაბულების კედლებზე შესრულებული მხატვრული გამოსახულებებიც კმარა. 

ხელოვნებად ითვლება ყოველი ნაშრომი, რომელიც შექმნილია ადამიანის ქვეცნობიერი და ცნობიერი გონების კავშირით, იქნება ეს ლიტერატურული ნაწარმოები თუ მუსიკალური კომპოზიცია, სკულპტურა თუ ფერწერული ტილო...  ადამიანი, რომელსაც ძალუძს შეიგრძნოს ხელოვნების მშვენიერება, ჰპოვებს სულიერ სიმშვიდეს, რადგან მასზე ნეგატიურად ვეღარ იმოქმედებს ყოფითი პრობლემები.

სწორედ ასეთი ფენომენი გვხვდება გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა’’. ვასიკო კეჟერაძე პროფესიით ფოტოგრაფია, თუმცა ეს ხელს არ უშლის მას უყვარდეს მხატვრული ლიტერატურა. მართალია, მისი სული მატერიალურ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ მუდამ იკვებება სულიერი საზრდოთი, რომლის უშრეტ წყაროსაც მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს. ამისდა  გამო იგი არასდროს კარგავს დროს: მისი გონება მუდმივად დაკავებულია, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად სად იქნება, ტრამვაისა თუ მაღაზიის რიგში, მუდამ ფიქრობს რომელიმე წიგნის გმირზე ან სიუჟეტზე, რადგან, მისი თქმით, წაკითხულს გააზრება სჭირდება. იგი გარკვეულ მსგავსებას ხედავს ღვინოსა და მხატვრულ ლიტერატურას შორის, რადგან ორივეს თავისულებისკენ მივყავართ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერთი - „მიშვებული, აგდებული და ულამაზო“ თავისუფლებაა, უპაუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი- შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული. ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს განსხვავებული  შეხედულებები აქვს იმ სოციუმზე, რომელშიც ცხოვროვრობს.   იგი განიხილავს საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის მისეულ ვარიანტს, რომლის კვალობაზეც შეძლებს შეცვალოს ხალხის შეხედულებები გარესამყაროს მიმართ. მისი აზრით, „კარცერ-ლუქსი“ ამ პრობლემას უდავოდ მოაგვარებს. ვასიკო კეჟერაძე მზად არის  ყველა უცოდინარი და ყეყეჩი შეყაროს ამ კარცერში, ოთახში, სადაც საწოლი და წიგნებია, ჭერზე კი ანბანის ასოებია გამოსახული. ეს უჩვეულო გარემო, მართალია, ჯერ გურკვევლობაში ჩააგდებს „პატიმარს“. თავდაპირველად ანბანის კითხვას შეუდგება, შემდეგ ნელ-ნელა წიგნს გადაშლის და ვიდრე „შვლის ნუკრის ნაამბობის“ წაკითხვისას მწვადების ნაცვლად, სულ სხვა რამ, უფრო მთავარი არ გაახსენდებოდა,  კარცერ-ლუქსიდან არ გაათავისუფლებს.

                ამ თემაზე საუბრისას შეგვიძლია გავიხსენოთ  დიდი  ჰოლანდიელი მხატვრის,  ვან გოგის, ცხოვრება, რომელიც სავსე იყო დაბრკოლებებით და რომელთაც დიდი შემოქმედი სწორედაც ხელოვნების წყალობით ლახავდა. იგი  სულიერ სიმშვიდეს შემოქმედებით პროცესში ჰპოვებდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნება გახდა მისი ცხოვრების ზნეობივი ორიენტირი.

               ზემოხსენებულ მაგალითებსა და არგუმენტებზე დაყდრნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  ჭეშმარიტი ხელოვნება ნამდვილად წარმოადგენს სულის სიფაქიზის წყაროს  და ადამიანს მაღალ ღირებულებებზე დააფიქრებს. აქედან გამომდინარე, ხელოვნებას შეუძლია, ადამიანი გახადოს უკეთესი და შეცვალოს საზოგადოებრივი ცხოვრება.

საბა ციკოლია

სსიპ ლევან გოთუას სახელობის # 17 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

 

   

Friday, July 22, 2022

ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ - როგორ შეიქმნა ნაწარმოები / შინაარსი / პერსონაჟები

 


რომანი დაიწერა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლის გადასახლებაში ყოფნისას. ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლევან გოთუა რეპრესირებული იქნა და სასჯელს იხდიდა რუსეთში, შორეულ ვორკუტაში, სადაც მან თითქმის მეოთხედი საუკუნე (66 წლიდან დაახლოებით 22 წელი) სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა. ნაწარმოები იქმნებოდა ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე და ასევე ფარულად...


ხელნაწერებს მეგობრებს უკითხავდა და სწორედ მათ დაარქვეს ამ წიგნს "გმირთა ვარამი". წიგნი კი დაწერა, მაგრამ ბანაკიდან გამოტანა არ გინდოდა? ჰოდა, ქართველებმა ასეთი რამ მოიფიქრეს: ბანაკის ტერიტორიაზე დაყრილი მორები გამოაფუღუროეს და შიგ ნაწერები ფურცელ-ფურცელ ჩადეს, შემდეგ ისევ სათანადოდ დახურეს. ეს მორები კი იქვე, ქალაქში მცხოვრებმა ვალიკო ჭუმბურიძემ იყიდა. ყველა მორი ვალიკოს ეზოში შეგორდა... წიგნი საქართველოში ერთ გათავისუფლებულ ქართველს გამოატანეს. ასე ჩამოაღწია ჩვენამდე "გმირთა ვარამის" ორმა წიგნმა.

ბანაკში ყველას უყვარდა ლევანი, ყველა მას ეკითხებოდა რჩევას. მეგობრები  "ლევან ბერს" ეძახდნენ. გოთუა თანამემამულეებს "ჩაპარუსკებას" - ქართულად საუბრისას რუსული სიტყვის თქმას უშლიდა და "ვეფხისტყაოსნის" ერთი სტროფის შესწავლით სჯიდა.

„ვის დასჭირდა ჩემი გაძევება და რატომ? მალე წავა მატარებელი და უმოწყალოდ დამაშორებს საყვარელ სამშობლო-საქართველოს. ძნელია ეტაპში წასვლა, მაგრამ რას ვიზამთ? ისეთ საშინელ გარემოცვაში ვართ, სადაც სიმართლე არ ფასობს!”- წერდა ლევან გოთუა, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი... წითელი ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის და რეჟიმთან შეურიგებლობის გამო მან 22 წელიწადზე მეტი საკონცენტაციო ბანაკებში გაატარა, სწორედ იქ, ვორკუტის ბანაკში დაიწერა „გმირთა ვარამი”, რომლის ხელნაწერების საქართველოში გამოგზავნა ფარულად მოხერხდა. როგორც იქნა, 55 წლის ასაკში მწერალმა სამშობლოში დაბრუნება მოახერხა, თუმცა აქაც ყოველდღიურად თან სდევდა თვალთვალისა და დასმენების სუსხი... „გმირთა ვარამის” ავტორმა თავისი ლიტერატურული გმირების ვარამი საკუთარ თავზე გამოსცადა...


წყარო: https://www.ananasi.ge/category-165/category-198/product-1681/



გმირთა ვარამი (1958-1962) — ისტორიული რომანი, რომლის ავტორია ლევან გოთუა. წარმოადგენს ოთხნაწილიან ტეტრალოგიას.

რომანი დაიწერა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლის გადასახლებაში ყოფნისას. ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლევან გოთუა რეპრესირებული იქნა და სასჯელს იხდიდა რუსეთში, შორეულ ვორკუტაში, სადაც მან თითქმის მეოთხედი საუკუნე (66 წლიდან დაახლოებით 22 წელი) სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა.

ნაწარმოები იქმნებოდა ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე და ასევე ფარულად, ნაწილ-ნაწილ იგზავნებოდა სამშობლოში.

წყარო: https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98?fbclid=IwAR1oPB2uk73nnyL1_H78QS3YuGcRso86XVzcwCIcW1p1LdmLAum8qkfpTQw




შინაარსი:

„გმირთა ვარამში“ აღწერილია XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფა, კერძოდ, კახეთის სამეფოს თავგადასავალი, რომელიც გამომწყვდეული იყო სამ დიდ იმპერიას — ოსმალეთის იმპერიასირანს და რუსეთის იმპერიას შორის. ეს არის პერიოდი, როდესაც ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა. საქართველოს გაერთიანებას ებრძოდა მრავალი შიდა და გარე მტერი. შინააშლილობა, თავადების თავგასულობა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი შესანიშნავად აღწერა ლევან გოთუამ. თხზულება მეგობრობის სულისკვეთებითაა გამსჭვალული. მასში ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება და მისი როლი ქვეყნის ისტორიაში ძნელბედობის ჟამს.

წყაარო:  https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98?fbclid=IwAR1oPB2uk73nnyL1_H78QS3YuGcRso86XVzcwCIcW1p1LdmLAum8qkfpTQw







Saturday, May 7, 2022

ინტერვიუ ნესტან-დარეჯანთან ქაჯეთის ციხის აღების შემდეგ


 

                                              

- პირველ რიგში, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე ასეთი მძიმე დღეების შემდეგ.

- მიუხედავად რთული დღეებისა და იმ სასტიკი ომისა, რომელიც ქაჯეთის ციხის მცველებსა და ტარიელსა და მისი მეგობრებს შორის გაიმართა, მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.  ცხრაწლიანი განშორების შემდეგ ჩვენ ისევ ერთად ვართ, ჩვენმა სიყვარულმა იზეიმა.

- როგორი იყო თქვენი ტყვეობის პერიოდი? მოულოდნელი იყო თქვენთვის ტყვეობიდან გათავისუფლება?

- ქაჯეთის ციხეში თავს ცუდად ვგრძნობდი. მითუმეტეს, რომ დედოფალი დულარდუხტი უფლისწულ როსანზე დაქორწინებას მიპირებდა. მათი საზოგადოება ჩვენგან ძალიან განსხვავებულია არა გარეგნულად, არამედ იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ გააჩნიათ. ვგულისხმობ იმ ცოდნას, რომელიც მხოლოდ გრძნეულოთათვისაა დამახასიათებელი.  მიუხედავად იმისა, რომ ტარიელისადმი მიწერილ წერილში დაბეჯითებით ვთხოვდი ინდოეთში დაბრუნებასა და ჩვენ მიერ მიტოვებულ სახელმწიფოზე ზრუნვას, გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობდი, რომ ჩემს გამოხსნას ეცდებოდა.

- როდის მიხვდით, რომ ტარიელი მოვიდა თქვენს გადასარჩენად?

- როცა ხმაური გავიგონე სარკმელიდან გადავიხედე, ის მაშინვე ვიცანი, ისეთი მშვენიერი იყო...

- ამდენი წლის შემდეგ, როგორ იცანით?

- დიახ, მთელი ცხრა წელი გავიდა... ამასობაში კიდევ უფრო დავაჟკაცდა, თვალი ვერ მოვწყვიტე...

- როგორ ფიქრობთ, ამდენი ტანჯვა რატომ გადაიტანეთ თქვენ და ტარიელმა?

- მე ვფიქრობ, ჩვენს მხრებზე უცოდველი ადამიანის სისხლია. უდანაშაულო სასიძო არ უნდა მოგვეკლა, მაგრამ ჩვენც გამოუცდელები და  ახალგაზრდები ვიყავით.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ სადღაც უფროსებმაც დაუშვეს შეცდომა?

- რა თქმა უნდა, მამაჩემს უნდა ეფიქრა ჩვენს პირად გრძნობებზე, მითუმეტეს, რომ სასიძოს მოკვლის შემდეგ გაცხადდა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ მშვენივრად სცოდნია. განრისხებულმა დიდებულების თანდასწრებით აღიარა, კარგად ვიცი ტარიელის და ნესტანის სიყვარულის ამბავიო. თუ ჩვენი სიყვარულის შესახებ იცოდა, რატომ უგულვებელყო ჩვენი პირადი გრძნობები და დამოუკიდებლად მიიღო ჩემი გათხოვების საბედისწერო გადაწყვეტილება. ეჰ, სწორედ ამას  მოჰყვა  ხვარაზმშას უფლისწულის მკვლელობაც.

- ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ მან ყველაფერი იცოდა?

- დიახ, რა თქმა უნდა!

- ფატმანზე რას გვეტყოდით, მასზე ნაწყენი ხომ არ ხართ, სწორედ მისმა მეუღლემ გადაგცათ ზღვათა მეფის საჩუქრად...

- ეს ფატმანის ბრალი არ გახლდათ, ეს მისი ქმრის თავშეუკავლობის მიზეზით მოხდა.  მან ფატმანისადმი მიცემული ფიცი გატეხა.

- თქვენი აზრით, როგორ დაგხვდებიან ინდოეთში ამდენი წლის შემდეგ?

- ვფიქრობ, რომ ჩვენი ინდოეთში დაბრუნება ნამდვილი დღესასწაული იქნება.

- ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო. დიდი მადლობა ინტევიუსთვის! ნახვამდის!

- ნახვამდის, სიყვარულში გამართლებას გისურვებთ!

                                                                             - გმადლობთ!

 

                                                                                                                        ნუცა მულაძე

                                                                                                                            15 წლის

Wednesday, March 30, 2022

ბახტრიონი - საომრად მზადება


IV თავი



 თუშ-ფშავ-ხევსურთა გაერთიანებული ლაშქარი ლაშარის ჯვრის გორაზე იყრის თავს

ლაშარის ჯვარი — ფშავის მთავარი სალოცავი. საკულტო ცენტრი მდებარეობდა ფშავის არაგვის ხეობის ზედა ნაწილში სოფელ ხოსარის მომიჯნავე ე. წ. „ლაშარის გორზე“. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც „გიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენით“ წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს, როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავნათესის ბაქარიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვრის კულტი, გარდა ფშავისა, გავრცელებული იყო თუშეთშიხევსურეთში, მოსაზღვრე ბარის რაიონებში, მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებში. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისგანაც), ადგილ-მამულს, ზერებს კახეთში და სხვა.

არსებობს შეხედულება (ვახუშტი), რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ, ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, მაგრამ ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს, რომელსაც ქრისტიანულ ხანაში ლაშა გიორგის კულტი შეერწყა (ისევე როგორც თამარ-აქიმ-დედოფლის კულტის თამარ მეფისა). ქართულ ფოლკლორში ლაშარის ჯვრისადმი (ლაშარელასადმი) მიძღვნილი მრავალი ლექსი მოიპოვება:„ლაშარელაის ლურჯისა“, „ლაშარის ჯვარი ჯავრობდა“, „დიდობდა ლაშარის ჯვარი“, „თამარ დედოფალი და ლაშარის ჯვარი“ და სხვა. 

ავტორს ნაწარმოებში ახსენებს შემდეგ ტოპონიმებს: ხოშარი, როშკი,  გუდანი,  ჭორმეში, ჭიელი,  ხახმატი...
ვაჟა მოიხსენიებს შემდეგ გვარებს: სუმელჯაურს, ჭინჭარაულს,  მახინცაურს, ცაბაურ-გაბიდაურს...


როშკით მოიდენ ხევსურნი,
სუმელჯაურნი ცხრანია,
ამღითა - ბათაკის ძენი,
ჭინჭარაულნი ძმანია;
გუდანელთ ჩამასძღოლია
ხოშარეული ხარია;
ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,
წინ მაიმძღვარეს ქარია;
ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა
ღულელებიცა სტანია.
ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ
შააზრიალა მთანია;

ფშაველებს წინ უძღვით ბერი ლუხუმი თავისი ლურჯა ცხენით, აქვე ვხედავთ წითელი ფარით აღკაზმულ მახინცაურს, ცაბაურ-გაბიდაურს...



Friday, March 18, 2022

ვაჟა-ფშაველას პოემა „გველის მჭამელი“




 ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:

                                          ვაჟა-ფშაველას პოემა „გველის მჭამელი“


რას წერს ვაჟა-ფშაველა თავის პოემა „გველის მჭამელზე“:

„გველის მჭამელის“ არაკი, რაც მე გავიგონე და რაზედაც ავაშენე მთელი პოემა, შემდეგია: ხევსური მინდია ჩაუვარდება ტყვედ ქაჯებს; მათ შორის ცხოვრებამ იქამდის დააღონა მინდია, თავის მოსაკვლელად გველის ხორცი სჭამა, როლითაც ქაჯები იკვებებოდნენ, გველის ჭამამ სრულიად სხვა ნაყოფი გამოიღო: მინდია ბრძენ კაცად გადაიქცა; მისი სიბრძნე, ხალხური თქმულებით, სჩანს მცენარეების ცნობაში, თუ რომელი მცენარე რა სატკივარის წამალია, რადგან ყველა მცენარე თავად იძახის, რის წამალიც არის და მინდიამაც ამ მცენარეთა ენა კარგად იცის. შედეგი ამ ცოდნისა არის მინდიას გაექიმებს. მისი წამალი უებარია. ხალხური თქმულება ამას იქით არ გადის, მაშასადამე მინდიას დაცოლშვილება, ცოლთან ბაასი, ხორცის უჭმელობა, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, მხედარმთავრული ნიჭი გველის მჭამელისა, ჩიტების ენის ცოდნა, ხალხურ თქმულებას არ ეკუთვნის. ამბავი მინდიას სულის არავითარ დარმატიულს განცდას არ წარმოგვიდგენს... „გველის მჭამელის“ დასასრულმაც ერთ თვემდე ყოყმანში ჩამაგდო“.

-----------------------------------------------------------------------------------------------------
უფრო დაწვრილებით იხილეთ ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი, ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: